ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლანჩხუთში, თბილისისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე, სანიაღვრე არხის ზედაპირზე დამონტაჟებული რკინის ცხაურა შეაკეთა, რასაც წინ მოსახლეობის არაერთი თხოვნა თუ მოთხოვნა უძღოდა. გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე ამბობს, რომ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული და სხვა ცხაურაც სტანდარტის მიხედვითაა გაკეთებული და ამის დასტურად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას იშველიებს. დასკვნის მიხედვით, ცხაურები სრულ შესაბამისობაშია პროექტთან და არ საჭიროებენ შეკეთებას.
თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებენ მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები. მათი თქმით, სანიაღვრე არხის ზედაპირზე, ეს ცხაურა არასწორად იყო დამონტაჟებული და იმიტომაც არაერთხელ შეუქმნა საფრთხე ადამიანთა ჯანმრთელობას.
"შესრულებული სამუშაოების უხარისხობაზე იმთავითვე გამოვთქვამდით უკმაყოფილებას, მაგრამ ამას არანაირი შედეგი აქამდე არ მოჰყოლია. შეკეთებით კი შეაკეთეს, მეჩხერ ადგილებში "არმატურა" ჩაამატეს. ამას გარდა, თბილისის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის ეზოს შესასვლელშიც ანალოგიური მდგომარეობაა, აქაც არაერთს ჩაუვარდა ფეხი და დაიზიანა, ძირითადად ბავშვებმა. ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ცხაურის უჯრებს შორის სტანდარტით გათვალისწინებულზე მეტი დაშორებაა, არადა, გვეუბნებიან ყველაფერი სტანდარტის გათვალისწინებითაა და შესაბამისი დასკვნაც არსებობს სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროდანო. გამოვითხოვეთ ეს დასკვნა, მაგრამ მის ნაცვლად ადგილობრივი აუდიტის სამსახურის დასკვნა მოგვცეს" -აცხადებენ თბილისის ქუჩის მაცხოვრებლები.
ეს ის ქუჩაა, სადაც სამუშაოები გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ დაიწყო, გადაითხარა კვლები, თუმცა, შემდგომ სამუშაოები გარკვეული ხნით შეჩერდა მიწისქვეშ არსებული ელექტროკაბელის შესაძლო დაზიანების შიშით. საბოლოოდ, სარემონტო სამუშაოები თბილისის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ დასრულდა. აქ სამუშაოები შპს "სამკუთხედმა" განახორციელა თბილისის საპროექტო ბიუროს მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით.