“გურია ნიუსი” უკვე წერდა ლანჩხუთის პოლიციის შენობაზე გახორციელებული თავდასხმის შესახებ. გურიაში მომხდარი სკანდალური ფაქტის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო. როგორც “გურია ნიუსს” წყარომ უთხრა, თავდამსხმელს 11 წლით პატიმრობა უნდა შეფარდებოდა, მაგრამ ის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. მისი საპატიმრო ვადა ერთწლიანი პირობითი სასჯელით განისაზღვრა, პოლიციამ კი, წყაროსვე თქმით, “ფეშქაშად” “ტოიოტა პრადოს” მარკის ორი ჯიპი აყიდინა.
“გურია ნიუსი” ლანჩხუთში, ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკაშვილის საცხოვრებელ ბინაში მივიდა, მაგრამ მისი სახლი დაკეტილი აღმოჩნდა. მამუკაშვილის ადგილსამყოფელი მეზობლებმა არ იცოდნენ.
“გურია ნიუსი” ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსს, გივი გეგიაძეს დაუკავშირდა:
_ ბატონო გივი, “გურია ნიუსიდან” გირეკავთ.
_ დიახ, გისმენთ.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაილერის მეპატრონემ, რომელმაც თავდასხმა მოახდინა ლანჩხუთის პოლიციის ძველ შენობაზე, პოლიციას ორი ჯიპი შეუძინა, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ დაურეკეთ ჩვენს პრესცენტრს და იქ გიპასუხებენ.
_ თქვენი პრესსამსახური პასუხს არასდროს გვცემს. იქნებ, თქვენ გვითხრათ, ვის დავუკავშირდეთ?
_ ცოტა ხანში დამირეკეთ და გეტყვით ტელეფონის ნომერს.
რამდენიმე წუთის შემდეგ, გეგიაძესთან ხელმეორედ დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ამჯერად მან ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით, პრესსამსახურის წარმომადგენელს მაია გიორგაძეს, რომელმაც კიდევ ერთხელ “შეგვახსენა” ქართული პარადოქსი _ ის კომენტარებს არ აკეთებს და ამისთვის გვენეტაძეს უნდა მივმართოთ.
“გურია ნიუსმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან, ზურაბ გვენეტაძესთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა, გვენეტაძემ ჩვენი სატელეფონო ზარის შესვლის შემდეგ ტელეფონი გათიშა.
რამდენიმე წუთში გიორგაძე თავად დაგვიკავშირდა და გვკითხა, მოგვცა თუ არა კომენტარი ზურაბ გვენეტაძემ. როცა მას ჩვენ ვუთხარით, რომ გვენეტაძემ ტელეფონი გათიშა, დაგვარიგა: _ ხელმეორედ სცადეთ, იქნებ, თათბირზეა და ამიტომ ვერ გიპასუხათ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ გურიაში გახმაურებული სკანდალური ფაქტი 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში მოხდა.
ტრაილერის მძღოლი, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მანქანის უკანა ნაწილით შეეჯახა პოლიციის შენობას მთავარი შესასვლელის მხრიდან. “კარგა ხნის დაღამებული იყო, როცა ზედიზედ გავიგონეთ სამი ძლიერი დარტყმის ხმა. გავიხედეთ და დავინახეთ, პოლიციის შენობას ტრაილერი შეჯახებოდა”, _ უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა “გურია ნიუსს”.
როგორც მაშინ “გურია ნიუსმა” გაარკვია, შემთხვევამდე ტრაილერის მძღოლსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მომხდარა, განაწყენებულმა მამუკაშვილმა კი “შური” თავისი ტრაილერით ლანჩხუთის პოლიციაზე თავდასხმით “იძია”.