ცესკოს საპილოტე პროექტი "საარჩევნო განვითარების სკოლა – 2015" – ის პირველი ეტაპი დასრულდა.
ახალგაზრდებს, რომლებმაც აღნიშნული კურსი გაიარეს, შესაბამისი სერთიფიკატები თამარ ჟვანიამ და კომისიის წევრებმა გადასცეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპილოტე პროექტი "საარჩევნო განვითარების სკოლა – 2015" განხორციელება 13 ივლისს დაიწყო. ორკვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში 17 -დან 25 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.
საარჩევნო განვითარების სკოლები პირველ ეტაპზე 10 საარჩევნო ოლქში თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში ერთდროულად ამოქმედდა.
ათივე ოლქში სწვალებაში 235 -მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
სწავლების კურსის მეორე ეტაპი 27 ივლისს 9 ოლქში დაიწყება.
პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. "საარჩევნო განვითარების სკოლა" მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო.