● ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, გამოხატვის, საკუთრების და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას;
● მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს;
● განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს – საქართველოს კონტროლის პალატას;
● აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.
როგორ იზღუდება გამოხატვის და საკუთრების თავისუფლება?
პოლიტიკური სიმპატიის/ანტიპატიის გამოხატვამ, შესაძლოა, შენ შეგიზღუდოს შემოსავლის წყარო.
მაგალითი 1: თუ შენ მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში და შენი ორგანიზაციის წარმომადგენელი დააფიქსირებს პოზიციას, რომ მას არ მოსწონს რომელიმე პოლიტიკური ფიგურა/ძალა და მიაჩნია, რომ ის ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ არის, შენს ორგანიზაციას შეუწყდება დაფინანსება დონორისგან.
მაგალითი 2: შენ ხარ ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი. მიგაჩნია, რომ კომპანიის წარმატება მმართველი პარტიის დამსახურებაა და თანამშრომლებს მოუწოდებ, რომ არჩევნებში მხარი დაუჭირონ სწორედ ამ პარტიას. ასეთი მოწოდება საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიას აეკრძალოს 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის მიღება.
მაგალითი 3: შენი ახლობელი ან ოჯახის რომელიმე წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხოვრობს საზღვარგარეთ და გეხმარება მატერიალურად. კონტროლის პალატამ ჩათვალა, რომ ხარ რომელიმე პარტიასთან ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული, შენ არ გექნება უფლება მატერიალური დახმარება მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქე შენი ახლობლის ან თუნდაც შენი ოჯახის წევრისგან.
რატომ არის სანქციები არაადეკვატური და გაუმართლებელი?
პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკურად აქტიური პირისგან დახმარების მიღების ან თუნდაც თხოვნის გამო, შესაძლოა, 3 წლით თავისუფლება აღგეკვეთოს.
მაგალითი 1: შენი მეგობრის დედასთან მივიდა პარტიის წარმომადგენელი და ქირურგიული ოპერაციის ღირებულების დასაფარად შესთავაზა თხოვნის წერილის დაწერა მერიის სოციალური სამსახურის და მმართველი პარტიის სახელზე. ასეთი განცხადების დაწერა, შესაძლოა, გახდეს შენი მეგობრის დედის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველი.
მაგალითი 2: შენს სამეზობლოს ესტუმრა შენი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი და დაგირიგათ საჩუქრები. ამის გამო, შესაძლოა, 3 წლით აღგეკვეთოს თავისუფლება.
რაში გამოიხატება კონტროლის პალატის არაკონსტიტუციური და ულიმიტო უფლებამოსილებები?
საქართველოს კონსტიტუციით, კონტროლის პალატას მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების აუდიტი ევალება; საარჩევნო კანონმდებლობით კი, მას კერძო პირებისა და ორგანიზაციების შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი დაევალა.
პოლიტიკური პარტიისთვის მხარდაჭერის მოწოდება, შესაძლოა, გახდეს საფუძველი კონტროლის პალატის მიერ, შენი ან შენი კომპანიის ქონების დაყადაღებისა.
მაგალითი: თუ შენ ხარ მეწარმე და მხარს უჭერ რომელიმე პარტიას, კონტროლის პალატამ, შესაძლოა, ჩაგთვალოს პარტიასთან დაკავშირებულად და სასამართლოში მიმართვის გარეშე დაგიყადაღოს ქონება.
რატომ ექმნებათ არათანაბარი პირობები პოლიტიკურ პარტიებს?
ერთის მხრივ, ზედმეტად მკაცრი, ბუნდოვანი და არაადეკვატური რეგულირებები პარტიებისთვის, მეორეს მხრივ კი, მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ტრადიცია განუსაზღვრელად დიდ უპირატესობას უქმნის მმართველ პარტიას.
მაგალითი: არსებული რეგულაციების მიხედვით, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეხვდებიან თქვენს სამეზობლოს, მოისმენენ მათ პრობლემებს (გადაუხურავი სახლები, მოუასფალტებელი ეზო, წყლის ან კანალიზაციის პრობლემები, ა.შ.) და მათი წასვლის შემდგომ, თუნდაც ამ პარტიის სახელის ხსენების გარეშე, რომელიმე კომპანია დაიწყებს ამ პრობლემების მოგვარებას თქვენს ეზოში, ეს კომპანია ჩაითვლება პარტიასთან დაკავშირებულად და შესაბამისი ზომები გახორციელდება ამ კომპანიისა და თავად პარტიის მიმართ.
თუმცა, ამ შემთხვევისგან განსხვავებით, თუ მმართველი პარტიის კანდიდატს თქვენს სამეზობლოში სტუმრობისა და თქვენი პრობლემების მოსმენის შემდეგ, მოჰყვება ამავე მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია და ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე შეეცდება თქვენი ეზოს პრობლემების მოგვარებას, ეს სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილად ჩაითვლება და უფრო მეტიც, ამ ფაქტის მიმართ ყურადღების გამახვილება ხელისუფლების რიტორიკულ კითხვასაც კი გამოიწვევს: უნდა შევწყვიტოთ საქმის კეთება წინასაარჩევნო პერიოდში?!
ახალი რეგულაციების ბუნდოვანება უკვე გახდა საფუძველი მისი არაერთგვაროვანი და აბსურდული ინტერპრეტაციისა.
მაგალითი 1: ერთ-ერთ დაწესებულებაში დასაქმებული პირი, წლების მანძილზე, ყოველთვიურ ფულად დახმარებას იღებდა იმ ქველმოქმედისგან, რომელსაც პოლიტიკური მიზნები გაუჩნდა. დასაქმებული შიშობს, რომ ამ დახმარების მიღების გაგრძელება, შესაძლოა, პოლიტიკურ მხარდაჭერად იქნას აღქმული. შესაბამისად, წლის დასაწყისში დახმარების მოთხოვნის განახლებული ხელშეკრულების ხელის მოწერისას, წერილობით დადო პირობა, რომ მომავალში არ გამოხატავს პოლიტიკურ პოზიციას და იქნება ნეიტრალური.
მაგალითი 2: განათლების სფეროს საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ფონდის დამფუძნებლებს, შემოწირულების სახით, დაფინანსება მიღებული აქვთ მხოლოდ ერთი ქველმოქმედი ორგანიზაციისგან, რომლის მესაკუთრე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ფონდს შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და ცდილობს მოძებნოს დაფინანსების სხვა წყაროებიც, რათა პოლიტიკურად მოტივირებულად არ ჩაითვალოს და პრობლემების წინაშე არ დადგეს.
მიგვაჩნია, რომ კანონის დღევანდელი ჩანაწერის მიზანია არა მისი ზედმიწევნით აღსრულება, რაც კიდევ უფრო გამოააშკარავებს მის აბსურდულობას,
არამედ, ასეთი ბუნდოვანი ფორმულირებებით და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობით საზოგადოების დაშინება.
კერძოდ, კანონის სულისკვეთებაა: კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი ან მოიმოქმედებ, მინიმუმ – პრობლემა არ შეგექმნას და მაქსიმუმ _ არ დაგიჭირონ!