11 ივლისს, პროგრამა "აწარმოე საქართველოში", ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით, ოზურგეთში წარადგინეს. ღონისძიება გახორციელდა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით.
ძირითადად, ეს იყო საინფორმაციო სახის შეხვედრა. მოქალაქეებმა ხელშეწყობის პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და მათთვის საინტერესო კითხვებიც დასვეს. ღონისძიების მონაწილეებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, გურიის გუბერნატორის მოადგილეებმა, კონტრაქტორი ორგანიზაციისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათ განმარტეს, რომ აგვისტოს დასაწყისში ბიზნესიდეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდება, რომელიც შერჩეული ბიზნეს იდეის გახორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის 5 000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორკაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარის, ხოლო სამკაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით) თანადაფინანსებას გულისხმობს.
მოქალაქეებს განუმარტეს, რომ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს; მას, ვისაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება, არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი ან მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე.
პროგრამის პრეზენტაციას გურიის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები, მეწარმეები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.