აზერბაიჯანში ჟურნალისტი ფეხბურთელის გულშემატკივრებმა ცემით მოკლეს.
BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა რასიმ ალიევმა FACEBOOK-ში დაწერილ პოსტში ფეხბურთელი ჰუსეინოვი გააკრიტიკა.
სამართალდამცველებმა ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს, ხოლო მკვლელობის ადგილზე სათვალთვალო კამერებით გადაღებული ჩანაწერები გამოძიებას გადაეცა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ იგი სერიოზულადაა შეშფოთებული მომხდარის გამო და შემთხვევას თავისუფალი სიტყვისთვის საფრთხის შემცველი უწოდა.
"თავისუფალი სახლის" განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება იმ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს აპატიმრებს, რომლებიც განსხვავებულ აზრს გამოხატავენ, ხოლო ჟურნალისტებზე ძალადობა დაუსჯელად გრძელდება.
აზერბაიჯანის პრესის საბჭოს ხელმძღვანელის, აფლატუნ ამასოვის განცხადებით, ალიევის სიკვდილი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული.
კლუბ "გაბალას" მესვეურები აცხადებენ, რომ ჟურნალისტის მკვლელობის გამო ჰუსეინოვი შოკშია და არავის აქვს უფლება, რ იძალადოს ან სხვა სახის საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს.
თვითონ ჰუსეინოვს, ჯერჯერობით, მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.