სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კახიშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში სასჯელაღსრულების სექტორის განვითარების ორწლიან პროგრამას. მხარეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე ცვლილებებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ასევე INL – ის წარმოამდგენლობასთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენ სისტემაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ. შეხვედრაზე განვიხილეთ კონკრეტულად ის პროექტები, რომელიც დაწყებულია და ამავდროულად, ვისაუბრეთ სხვა ახალ პროექტეებზე, რომელიც სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს." – განაცხადა კახა კახიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას ფინანსური დახმარება გამოუყო, რომლის ფარგლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე სტანდარტების განვითარების მიზნით, სისტემის თანამშრომელთა გადამზადება ხორციელდება.
(R)