პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ამ დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ “გურია ნიუსს”, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განუცხადა. შეხვედრაზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში” შეტანილ ბოლო ცვლილებებზე იქნება საუბარი.
_ ბატონო დავით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში რამდენად მოსალოდნელია ცვლილების შეტანა? გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია კანონის გადახედვა მოხდეს. ამ წუთებში საქართველოს რეგიონებში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს სწორედ ამ მოთხოვნით…
_ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მსჯელობა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. იურიდიულმა კომიტეტმა მიიღო ჩემგან შესაბამისი დავალება და ამ დღეების განმავლობაში ისინი შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს და შეეცდებიან შეაჯერონ ის მოსაზრებები რაც მათ გააჩნიათ. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ამ კანონის ამოცანას არანაირად არ წარმოადგენს არც სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვა და არც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობის შეფერხება. სასურველია, ეს ამოცანა იყოს გადატანილი ფურცელზე და სამართლებრივ ენაზე ისე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, იურიდიულ კომიტეტს დავავალე და ამ დღეებში შედგება შეხვედრა. მე წინასწარ ვერ გეტყვით რაზე მოხერხდება და არ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არავის არ გაუჩნდეს კითხვის ნიშანი, რომ რაიმე ფორმით ამ ქვეყანაში იზღუდება სამოქალაქო თავისუფლება.