ამინდის გაუარესებამ მოსახლეობა ცუდ დღეში ჩააგდო _ ნადირმა ტყიდან ბარში გადმოინაცვლა და შინაურ ცხოველებს დაერია. მოსახლეობას განსაკუთრებით მგლების შემოსევა აშფოთებთ. გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდვანში, ვანო რამიშვილის ოჯახში, მგელმა თხა ფარეხიდან გაიტაცა. სოფელ ზენობანში, დილით სახლის ჭიშკართან მგელი შენიშნეს და ახლა მოსწავლეები სკოლაში მშობლების თანხლებით დადიან. მხეცების შემოსევა განსაკუთრებით ხშირია მაღალმთიან სოფლებში.