ავსტრალიაში მოსულმა უხვმა ნალექმა ახალი სამხრეთ უელსის დატბორვა გამოიწვია.
ABCNEWS-ის ინფორმაციით, სტიქიამ საცხოვრებელი სახლები, სკოლები და შენობები დააზიანა. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად ჰამსის ქუჩაზე ელექტროსადგური აფეთქდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
შოალჰავენის მოსახლეობის თქმით, დატბორვის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო თუ ადგილობრივი საკრებულო იმოქმედებდა მეტი დაკვირვებით და მდინარე შოალჰავენს ოკეანისკენ გზას გაუხსნიდა.
როგორც ცნობილია, შოალჰავენში წყლის დონის მატების გამო 40 მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ევაკუირებული მოსახლეობა სახლში დაბრუნებას დაახლოებით 2 დღის შემდეგ შეძლებს.
მათივე ცნობით, ამინდის გაუარესებისთანავე სამაშველო ცენტრში 1 600 ზარი შევიდა, ხოლო მაშველებმა წყალდიდობის დროს 79 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით მოუწოდებენ დაბინძურებული წყლისგან თავი შორს დაიჭირონ.
მეტეოროლოგთა ბიუროს ცნობით, დასავლეთ სიდნეიში ნეპანის და ჰოუკესბურის მდინარეების ადიდება უამინდობის გამო მოსალოდნელია, რამაც შესაძლოა უმნიშვნელო დატბორვა გამოიწვიოს.
მაუწყებლის ცნობით, მსხვერპლისა და დაკარგულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
































































