კურორტ ბახმაროს 50-მდე დამსვენებელი დილით გათიშული ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვს:
_ ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უშუქოდ დაგვტოვეს და არც კი ვიცით რა გავაკეთოთ, _ გვითხრეს დამსვენებლებმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის ირაკლი კუჭავას თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა დავალიანების არსებობამ გამოიწვია:
_ დენი გათიშული აქვს ბახმაროს დამსვენებელთა ნაწილს _ ე.წ. სანატორიუმის დასახლებას, რისი მიზეზიც დავალიანების არსებობაა.
გადამოწმებული ინფორმაციით, მხოლოდ წუხელ 600 ლარის ელექტროენერგია დაიწვა ე.წ. სანატორიუმის ტრანსფორმატორზე. ეს ის დასახლებაა, სადაც ყველაზე კარგი კოტეჯები დგას და სადაც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ამ ტრასფორმატორზე ამ დროისთვის დავალიანება 2800 ლარს შეადგენს.
მართალია, დამსვენებლებს გადახდილი ჰქონდათ გადასახადი, თუმცა, გაცილებით მეტი ელექტროენერგია დაიწვა და ამას დაემატა გაზრდილი ტარიფიც.
ჩემი პასუხისმგებლობით ამაღამ მათ ჩაერთვებათ დენი, თუმცა, ხვალ ისევ გამოირთვება, _ გვითხრა კუჭავამ.
მისივე ინფორმაციით, წელს ბახმაროში დახარჯული ელექტროენერგიის საფასური 31 000 ლარს აღემატება.
_ ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მთელი წლის განმავლობაში არ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა სემეკთან და ენერგო პრო ჯორჯიასთან. ჩვენ კომპანიას ვთხოვდით აბონენტები მათ ბალანსზე აეყვანათ და ინდივიდუალური გამრიცხველიანება მომხდარიყო.
ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ ბახმაროს არა აქვს დასახლებული პუნქტის სტატუსიც. მივწერეთ შესაბამის სამინისტროს და ვთხოვთ, რომ ეს სტატუსი მიენიჭოს. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მომზადდეს ბახმაროს განაშენიანების გენერალური გეგმა, რაც პრობლემებს შეამცირებს, _ დასძინა კუჭავამ.