დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატი კახა ასკურავა ინიციატივით გამოვიდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის იმ კურსდამთავრებულებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სახელმწიფოსგან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად 100% დაფინანსება მიიღეს, წახალისებისთვის მუნიციპალიტეტმა ფულადი ჯილდო დაუწესოს.
ასკურავას ამ ინიციატივას მხარი საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს. თავის მხრივ გამგებელმა, ზაზა ურუშაძემაც დასძინა, რომ გამგეობის შესაბამისი სამსახური აუცილებლად გაითვალისწინებდა ამ ინიციატივას და სამომავლოდ იმსჯელებდა თანხის ოდენობის განსაზღვრაზე.
ცნობისთვის, სახელმწიფოსგან სრული დაფინანსება წელს ორმა ლანჩხუთელმა მიიღო- შუხუთისა და აკეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებმა გიორგი ორაგველიძემ და გიორგი ცინცაძემ.