დღეს ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე პირველ საკითხად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების დამტკიცება იყო გათვალისწინებული. ეს საკითხი წინასწარ საკმაოდ მოთელილიც იყო არაერთი კომისიისა თუ ფრაქციის სხდომაზე და იქ მწვავე განცხადებების საბაბიც იყო.
საბოლოოდ, სხდომის დღევანდელმა ხელმძღვანელმა გელა კილაძემ, იმ მოტივით, რომ საკითხი კვლავაც ექვემდებარება დამატებით განხილვებს, დეპუტატებს შესთავაზა, იგი ამ ეტაპზე მსჯელობის საგანი აღარ ყოფილიყო, რაზეც კილაძემ დეპუტატთაგან დასტურიც მიიღო.
საქმე ისაა, რომ ცვლილების მიხედვით იგეგმებოდა გამგეობის ხელფასის ფონდის შემცირება 10 000 ლარით, რითაც შესაბამისად უნდა გაზრდილიყო ა(ა) იპ ლანჩხუთი სერვისის სუბსიდირება, სადაც გამგეობის სამი მძღოლი დასაქმდა ხელშეკრულებით.
მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგიდან საკითხი ამოიღეს, სხდომაზე ოპოზიციამ "სხვადასხვაში" მასზე მაინც გაამახვილა ყურადღება და უშუალოდ გამგებლის, ზაზა ურუშაძის მისამართით გააკეთა განცხადება.
"გამგეობის სამი მძღოლი ხელშეკრულებით გადაგყავთ ა(ა)იპ-ში. თქვენი ამ გადაწყვეტილებით სამსახურის უფროსს, თენგიზ ჭიჭილეიშვილს აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, აიძულებთ ჩაიდინოს კრიმინალი. გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ ფრაქციის სხდომაზე თქვა, რომ ეს გამართლებულია, რახან გამგეობაში ლიმიტით გათვალისწინებული კვოტა ამოიწურა. მისი თქმით, აბსოლუტურად კანონიერია გამგეობის მძღოლებს ხელშეკრულება ჭიჭილეიშვილთან რომ აქვთ გაფორმებულიო.
ეს იგივეა კანცელარიის რომელიმე თანამშრომელს ხელფასს ფინანსთა სამინისტრო აძლევდეს. სწორედ ჩაგუნავას ამგვარი განცხადებები მაძლევს უფლებას არ ვენდობოდე მას. ახლა თქვენ რაც არ უნდა იუაროთ, რომ ეს მძღოლები არ არიან დასაქმებულები ა(ა)ი პ-შიო, ეს ჩაგუნავას ფრაქციის სხდომაზე დადასტურებული აქვს და არსებობს ამის ოქმიც" –მიმართა გამგებელს დეპუტატმა ასკურავამ.
"საიდან მოგაქვთ ასეთი რამეები, არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს მძღოლებსა და ამ სამსახურს შორის. ეს იყო მხოლოდ ინიციატივა, რისი წინააღმდეგიც მე ვიყავი. ისე თუ გაინტერესებთ, არაფერი ამაში კანონდარღვევა არაა" – ასეთი იყო გამგებლის პასუხი.