საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წირვას დაესწრო.
საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჩაატარა.
მთავრობის მეთაურმა მართლმადიდებელ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
"მინდა მთელს საქართველოს, ჩვენს ხალხს მივულოცო მარიამობა. დღეს არის განსაკუთრებული დღე. ჩვენი ერი ყოველთვის გრძნობს ღვთისმშობლის მფარველობას, სწორედ ამიტომ სასწაულებრივად საუკუნეების მანძილზე უამრავი სირთულე გამოვიარეთ ღვთისა და ღვთისმშობლის შეწევნით. მე მჯერა რომ ჩვენ კვლავაც გავიმარჯვებთ ღვთისმშობლის მფარველობით. კიდევ ერთხელ გილოცავთ,"_ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.