ჯონჯოლი საგველა ყვავილედით ცნობილი საშუალო ზომის ხე მცენარეა, რომლის ნახევრად გაუშლელი ყვავილი მტევნებად იკრიფება და შესანიშნავი მწნილი მზადდება. რა თქმა უნდა, ეს ყველამ იცის, თუმცა, ნაკლებად თუ ვინმეს უცდია, ეს მცენარე საკუთარ კარ-მიდამოში მოეშენებინა. არადა, ეს ძალზე ადვილია და ყოველგვარი ეკონომიკური დანახარჯის გარეშეა შესაძლებელი. ახლა სწორედ ის დროა, სანერგე ძირებს ვეძებდეთ.
გთავაზობთ საკუთარ გამოცდილებას. ოთხი წლის წინ, ტყიდან მოვიტანეთ და საკუთარ კარ-მიდამოში დავრგეთ სამიოდე ძირი ჯონჯოლის ნერგი. ყველამ ადვილად გაიხარა და მალე 3-4 მეტრი სიმაღლის ჯონჯოლის ხეები მივიღეთ. თითოეული მათგანი ყოველ წელს უხვად მსხმოიარობს და დასამწნილებლად არა თუ საკუთარი ოჯახისთვის მყოფნის, მეგობრებსაც ვუწილადებ ხოლმე.
ჯონჯოლის ნერგის მოძებნა არც ისე რთულია. იგი უფრო მეტად კლდოვან ტყეში, ხშირად ციცაბო ნაწილში, ხანაც ღელეების გასწვრივ ხარობს. მარტის დასაწყისში ჯონჯოლის მოშენების მსურველს, უკვე მიკვლეული უნდა ჰქონდეს სანერგე მასალა. ის ძალიან ადვილად გასახარებელია, სადაც თხილი ხარობს, ყველგან შესაძლებელია მისი მოშენება. საკმაოდ ჰგავს კიდეც თხილის კულტურას მრავალი ნაყარით, რომლის გამოჭრას არ გირჩევთ. თხილისგან განსხვავებით, ჯონჯოლს არ უხდება ნაყარის გამოხშირვა. ყველა იზრდება და ერთი-ორად ისხამს ყვავილს. უბრალოდ, ამაში საოჯახო პრაქტიკამ დაგვარწმუნა.
შევნიშნავ, რომ რაჭა-ლეჩხუმში ჯონჯოლის მწნილს განსხვავებული წესით კასრებში ამწნილებენ.
მე ზუსტად ისევე ვამწნილებ, როგორც კიტრს _ მინის ქილებში. გახსნის შემდეგ ვაზავებ ხახვით, შავი წიწაკით, ძმრითა და ზეთით, გემოვნებით. ამასთანავე, ჯონჯოლი ახალ მოკრეფილიც შეგიძლიათ, მალევე დაამზადოთ და მიირთვათ, რისთვისაც ასე უნდა მოიქცეთ.
მოკრეფილი, ნახევრად გაუშლელი ყვავილები ერთი დღით გობზე (ჩრდილში) მოათავსეთ.. მეორე დღეს მოწალეთ მდუღარე წყალში, სწრაფად ამოიღეთ და ცოტა ხნით საწურზე მოათავსეთ. შემდეგ დაჭერით, ასევე დაჭერით ხახვი სიფრიფანა რგოლებად და აურიეთ ჯონჯოლში. შეაზავეთ ზემოთ აღნიშნული წესით. თუ ზეთით ან პირიქით, ძმრით არ მოგწონთ, შეაზავეთ ერთ-ერთით. ასე, რომ მოაშენეთ ჯონჯოლი საკუთარ კარ-მიდამოში. არაერთმა ჩემმა მეგობარმა უკვე გაითვალისწინა ჩემი რჩევა და შედეგითაც კმაყოფილია. შემიძლია, რამდენიმე ადამიანს ნერგიც ვუწილადო საკუთარი კარ-მიდამოდან.