თალგამი, იგივე ტურნეფსი, ზამთრის პერიოდში შესანიშნავი ნედლი მწვანე საკვებია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, განსაკუთრებით, მეწველი ფურისთვის. ის რძის ხარისხსა და რაოდენობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
თალგამის დათესვის საუკეთესო პერიოდია 15 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ადრე, კომუნისტურ ხანაში, თალგამი მასობრივად ითესებოდა განკუთვნილ ფართობებზე და მსხვილფეხა პირუტყვის უპირველეს საკვებ საშუალებად მიიჩნეოდა ზამთრის პერიოდში.
_ საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლილების შემდგომ, თალგამის გამოყენება ნაკლებად საჭირო გახდა, რაც სერიოზულ შეცდომად უნდა ჩაითვალოს და წამგებიანი ნაბიჯია ზოგადად მეცხოველეობის დარგის განვითარებაში, _ გვეუბნება აგრონომი აკაკი ღლონტი.
მისი განმარტებით, თალგამი მაღალი წველადობის განმსაზღვრელია და ზამთრის პერიოდში უპირველესი მწვანე მასა-საკვებია ძროხებისთვის. მისი ფოთლები და ძირხვენა თანაბარი ყუათიანობით გამოირჩევა. სასურველი კი არა, აუცილებელია თალგამი დათესონ და მოიყვანონ როგორც მსხვილმა, ასევე საშუალო და წვრილმა ფერმერებმა:
_ თალგამის თესლი დღეისთვის გერმანიიდან შემოაქვთ. ძირითადად, მისი ყიდვა დაკვეთით და გამოწერით შეიძლება და ხელმიუწვდომელი არ არის. მთავარია, დაინტერესება.
ერთ ჰექტარ ფართობზე დასათესად საჭიროა ორი, ორნახევარი კილოგრამი თესლი. საკვები მწვანე მასის და ძირხვენის მოხმარება შეიძლება თანდათანობითი პრინციპით, _ ფართობზე მოვთხრით ან მოვჭრით იმდენს, რამდენიც მოცემულ დროს გვჭირდება. ნიადაგიდან ამოღებულ ძირხვენებს ვასუფთავებთ, ვჭრით ფოთლებთან ერთად და ასეთი სახით ვაწვდით პირუტყვს. არ შეიძლება საქონლისთვის თალგამის დიდი რაოდენობით მიცემა. ის უნდა ვაძლიოთ მცირე რაოდენობით, შავი ფქვილისა და ქატოთი შეზავებული კომბინირებული საკვების შემდეგ.
ფერმერებს შევახსენებთ, რომ თალგამი 10 სექტემბრამდე უნდა დათესონ. შემდგომ დღეებში დათესვა არ შეიძლება, რადგან მცენარე ვეგეტაციას ვერ ასწრებს. თალგამის დათესვა შესაძლებელია ყველგან, სადაც თავისუფალი სამეურნეო მიწა გაქვთ. უნდა გამოიყენოთ ის ფართობი, სადაც აიღეთ საადრეო სიმინდი, სათივე ბალახი ან რომელიმე აგრარული კულტურა. თალგამის კვლავ მასობრივად დათესვა რეალურ სარგებელს მოგიტანთ, ეკონომიკური დანახარჯები კი გაცილებით მცირე იქნება, _ რჩევას გვაძლევს აკაკი ღლონტი.