დაბა ნასაკირალში წინა კვირას განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. როგორც შსს–ს პრესამსახურში აცხადებენ, მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლით, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირებს ხულოგნობისთვის გაასამართლებენ. სოფლის მოსახლეობა ადასტურებს, რომ დაკავებულები ძმები შავაძეები არიან.
დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში გასული კვირის ხუთშაბათს, სასწავლო პროცესი დირექტორის გათავისუფლების გამო შეწყდა. სოფლის მოსახლეობამ, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ამ ფაქტის გამო, საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სკოლის დირექტორს სპარტაკ გოგიტიძეს ნასაკირალში მცხოვრები შავაძეების ოჯახი უპირისპირდება. სწორედ მათი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს დირექტორი თანამდებობიდან. სპარტაკ გოგიტიძე სასამართლოს გზით აპირებს თანამდებობაზე დაბრუნებას.