ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილის ვახტანგ ზენაიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე ვახტანგ ზენაიშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
"2015 წლის 21 მაისს ჩემს კაბინეტში შემოვიდა გიორგი ნაჭყებია და მითხრა, რომ გამგებელთან შევსულიყავი. მე მასთან ერთად გამგებლის კაბინეტში წავედი. საუბრის დროს ასევე კაბინეტში შემოვიდა ლევან ჩხაიძე, სწორედ ამ პირებთან ერთად მითხრა ზაზა ურუშაძემ, რომ ან უნდა დამეტოვებინა თანამდებობა ან პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატები." ურუშაძემ ასევე მითხრა, რომ 20 მაისს ის დაიბარეს გურიის გუბერნიაში. ამ საიდულო შეხვედრაზე მოთხოვეს ჩემი გათავისუფლება. მითხრა ისიც, რომ შვიდმა კაცმა ხელი მირტყა მაგიდაზე, რატომ არის თანამდებობაზე ზენაიშვილიო. – თქვა სასამართლო პროცესზე ვახტანგ ზენაიშვილმა.
გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ მსგავს შეხვედრას ადგილი არ ჰქონდა.
"მსგავს შეხვედრას ადგილი არ ჰქონია. ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენთან ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ვთქვი, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში არ ვერევი. ვიღაცის ბოდვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზენაიშვილის გათავისუფლებას ვერ შევაფასებ. რაც შეეხება იმას, რასაც ლაპარაკობს, მინდა ვთქვა, ის ბევრ რამეს ლაპარაკობდა მანამდე, როდესაც თანამდებობაზე იყო და ახლა კიდევ სხვა რამეს ლაპარაკობს. არ მაინტერესებს, რას ამბობს ზენაიშვილი, თბილისში ვარ, საქმიან შეხვედრებზე." – გვითხრა გია სალუქვაძემ.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები და წევრები საჯარო სამსახურიდან უნდა დაითხოვონ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული გურიის გუბერნატორი. მან ეს დავალება თბილისიდან მიიღო. გია სალუქვაძე ამბობს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს.
" არავითარი დავალება არ მიმიღია და ასეთ დავალებას არავინ არ მომცემს, არ არსებობს ბუნებაში ასეთი დავალება. აქედან გამომდინარე, არავისთვის მსგავსი დავალება არ მიმიცია. ასეთი ჭორების გავრცელებას თავი უნდა დაანებოს ყველამ. ხუთი თვეა გურიის გუბერნატორი ვარ და ყველამ კარგად იცის, ვინ საიდან მოვიდა, ვინ ვინ არის და როგორ არის. ჩვენ თანამშრომლებს ვარჩევთ კონკურსის წესით და პროფესიონალებს პატივს ვცემთ. ვიღაცამ გუბერნატორს დავალება მისცა და გუბერნატორი ითხოვს ვინმეს გათავისუფლებას, ეს არის ჭორი." _ თქვა სალუქვაძემ.


























































