გამოქვეყნდა NDI-ს 2015 წლის აგვისტოს კვლევის შედეგები. კვლევა NDI-ს დაკვეთით "CRRC -საქართველომ" შეასრულა. შემთხვევითობის პრინციპით რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.
კვლევა მოიცავს სოციალურ, პოლიტიკურ, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის შეფასების, დასაქმების, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და სხვა ასპექტებს.
ამჯერად ყურადღება გავამახვილეთ კვლევის იმ ნაწილზე, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შეფასება აისახა. კითხვაზე, 1014 წლის ივნისიდან გაუმჯობესდა თუ არა თქვენი საცხოვრებელი პირობები, რესპოდენტთა 9 პროცენტი დადებითად პასუხობს, 47 პროცენტისთვის პირობები იგივე დარჩა, ხოლო 43 პროცენტს მდგომარეობა გაუუარესდა. ქალაქების მიხედვით მდგომარეობა ასეთია: თბილისში გამოკითხულთა 7 პროცენტი წინა წელთან შედარებით უკეთეს პირობებში ცხოვრობს, 53 პროცენტისთვის პირობები გაუარესდა, 30 პროცენტისთვის კი არაფერი შეცვლილა. გამოკითხული ბათუმელების ასევე 7 პროცენტისთვის გაუმჯობესებულა სახოვრებელი პირობები, ხოლო დანარჩენი ორი გრაფა თითქმის თანაბარია, 45 და 46 პროცენტისთვის არაფერი შეცვლილა ან, პირიქით- გაუარესდა. ქუთაისში მხოლოდ გამოკითხულთა 4 პროცენტი ცხოვრობს წინა პერიოდთან შედარებით უკეთესად, 45 პროცენტისთვის არაფერი შეცვლილა, ხოლო 50 პროცენტს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. რაც შეეხება ოზურგეთს, ადგილობრივების 19 პროცენტისთვის პირობები უკეთესობისაკენ შეცვლილა, 54 პროცენტი იმავე პირობებში აგრძელებს ცხოვრებას, 28 პროცენტი კი კიდევ უფრო უარესად ცხოვრობს.
საკუთარ საცხოვრებელ ადგილს უსაფრთხოდ მიიჩნევს გამოკითხულთა 83 პროცენტი, გამოკითხულთა 18 პროცენტს მიაჩნია, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი იძლევა დასაქმების შესაძლებლობას, 80 პროცენტს კი საპირისპირო აზრი აქვს.
კითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, რესპოდენტთა 66 პროცენტი უარყოფით პასუხს იძლევა, 34 პროცენტი თვლის, რომ ასე თუ ისე, დასაქმებულია. საყურადღებოა, რომ ამ კითხვაში იგულისხმება ყველა ის ადამიანი, რომელსაც რაღაც შემოსავალი მაინც აქვს. გამოკითხულთაგან 34 პროცენტი ფიქრობს, რომ ის არის დასაქმებული, 27 პროცენტი უმუშევარია და ეძებს სამსახურს, არსებობს რესპოდენტთა 5 პროცენტი, რომელიც არაა დასაქმებული და არც ეძებს სამუშაოს. 33 პროცენტი კი გამოკითხულთა ის ნაწილია, რომელიც არააქტიურ სამუსაო ძალად თვლის თავს, ანუ დამსახურებულ პენსიაზეა.
ბოლო 12 თვის მანძილზე კვლევაში მონაწილე ადამიანების დიდ რაოდენობას, ანუ 52 პროცენტს შემოსავლის სახით, მხოლოდ სახელმწიფო დახმარება და პენსია აქვს მიღებული. 28 პროცენტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ჯერდება, 13 პროცენტს კი საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავები ან ოჯახის წევრები ეხმარება. გამოკითხულთა 41 პროცენტი შეადგინა იმ რესპოდენტთა რიცხვმა, რომელთა ოჯახების ყველა წევრი დასაქმებულია და შემოსავლის სახით იღებს ხელფასს.
კითხვაზე, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი შემოსავლების და დანახარჯების შედარების მიხედვით, გამოკითხულთა 20 პროცენტი 241- 400 ლარამდე შემოსავლის მქონეთა ჯგუფში მოხვდა. დაახლოებით 17-18 პროცენტის შემოსავალი და ხარჯები მთელი თვის განმავლობაში 151-260 ლარის ფარგლებში მერყეობს. 150 ლარამდე და უფრო დაბალ თვიურ შემოსავალს ჯერდება გამოკითხულთა 13 პროცენტი.