ცოტა ხნის წინ გამოცემამ "The Daily Mail" საინტერესო და ამავდროულად უცნაური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, რამდენიმე ვაჟის გაჩენა და გაზრდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, დედის ჯანმრთელობაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ საერთოდ, დიდი რაოდენობით ბავშვების გაჩენა და გაზრდა დედის ჯანმრთელობაზე მოქმედებს, მაგრამ ამ დროს, რამდენიმე მიზეზის გამო, ბავშვების მამრობითი სქესი ბევრად ძვირი ჯდება.
ჩვეულებრივ, დაბადებისას, ბიჭი მეტს იწონის, ვიდრე გოგონა, რაც დედის ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა. ამავე დროს, ბიჭზე ორსულობისას, დედას სისხლში ტესტოსტერონის დონე მაღლა ეწევა, რაც მის იმუნურ სისტემას ასუსტებს და ორგანიზმის დაცვის უნარი ქვეითდება. თანაც, დაბადების მერე, ბიჭს მეტი მოვლა სჭირდება.
ამავე დროს, გოგონები დედის სიცოცხლეს ახანგრძლივებენ, რადგან თავიანთ თავზე იღებენ გარკვეულ დატვირთვას: მაგალითად, ეხმარებიან საჭმლის მომზადებაში და უვლიან უმცროს და-ძმებს.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ყოველი მორიგი ვაჟის დაბადებისას, დედის ჯანმრთელობა თანდათან უარესდება. ამ დროს კი ქალიშვილის დაბადებასა და დედის ჯანმრთელობას შორის ასეთი ურთიერთკავშირი არ აღმოჩენილა.