“პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად”, _ წერია უწყებაში, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით 60-მდე ფოთელმა, ფოსტის საშუალებით მიიღო.
საინტერესო ის არის, რომ ეს უწყება დევს კონვერტში, რომელსაც არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი. უწყებას ხელს აწერს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, ვინმე გიორგი ამირანაშვილი
“მხოლოდ ჩემს ირგვლივ, ცხრა ადამიანია, ვისაც ეს უწყება მიუვიდა, მათ შორის არიან ჩემი შვილები. ერთი მათგანი, სტუდენტია და თბილისში სწავლობს, მეორე კერძო სექტორშია დასაქმებული და არც ერთ მათგანს არანაირი სეხება პოლიტიკათან არასდროს არ ჰქონიათ, მით უმეტეს ჩემს მეუღლეს _ მათ, უბრალოდ, პოლიტიკა არ აინტერესებთ”, _ განაცხადა ჩვენთან საუბრისას, “რესპუბლიკური პარტიის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გაიოზ ქინქლაძემ, რომელიც ახსნა-განმარტების მისაცემად მისვლას არ აპირებს და სხვებთან ერთად, ამ ფაქტს, თბილისში გააპროტესტებს.
ამ და კიდევ სხვა ადამიანების მიმართ გახორციელებული ზეწოლის ფაქტს, დღესვე, ბრიფინგი მიუძღვნეს, კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თინა ხიდაშელმა და ზვიად ძიძიგურმა.
მათი ინფორმაციით, ადამიანებს იბარებენ, როგორც ფინანსურ მაქინაციებში მონაწილე სამართალდამრღვევებს – ადმინისტრაციული კოდექსის 252–ე მუხლის საფუძველზე. ხიდაშელის განმარტებით, ამ ადამიანებს სთავაზობენ ხელი მოაწერონ განცხადებებზე და თვითონვე თქვან უარი ადვოკატის მომსახურებაზე.
თინა ხიდაშელისა და ზვიად ძიძიგურის განმარტებით, კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ დაბარებული პირები არ არიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები, ისინი საკუთარი სურვილით არიგებდნენ “ქართული ოცნების” გაზეთს და აგროვებდნენ ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით.
“ველოდები ნათია მოგელაძის ისტერიკებს, რომელსაც უწყობს კონტროლის პალატაში დაბარებულ ჩვენ აქტივისტებს. ველოდები მათ მოწვევას, რა ფინანსურ მაქინაციებში ვმონაწილეობთ, როგორი სამართალდამრღვევები ვართ. მოვითხოვ რომ ყველა დაკითხვა, როცა დაკითხავენ ჩვენ აქტივისტებს იყოს აუდიო-ვიდეო ფორმატში და იყოს საჯარო. ჩვენ რეალურად სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც პირადად ნათია მოგელაძე ჩადის აქტივისტების დაკითხვისას, ის პირადად ემუქრება ამ ადამიანებს დაპატიმრებით,” _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის განმარტებით, კონტროლის პალატიდან უწყებები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ აქტივისტებს მიუვიდათ, ბათუმიდან თბილისამდე – თითქმის ყველა რეგიონსა და ქალაქში, ასევე გორსა და საგარეჯოში. აქტივისტები კონტროლის პალატაში დღის ორი საათის შემდეგ არიან დაბარებულები.
ფოთელი “რესპუბლიკელი” გაიოზ ქინქლაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეს ქმედება ადამიანთა დაშინებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოვლინებაა: “პოლიტიკაში, ახალმოსული ადამიანისთვის ძალიან მძიმე გადასატანია ამ ტიპის ზეწოლა. ეს არის ის, რაც შეუძლია ამ უსინდისო ხელისუფლებას, თუმცა, ამით ადამიანების გატეხვას, მაინც ვერ შეძლებენ”, _ განაცხადა ქინქლაძემ.
კონტროლის პალატის მიერ დარიგებულ უწყებაში, ნათქვამია, რომ “მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა კანონით ისჯება”.
ახსნა-განმარტებისთვის დაბარებულ ადამიანებს, უწყების შინაარსის მიხედვით, უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, წარადგინონ მტკიცებულებები, ისარგებლონ ადვოკატის მომსახურებითა და გაასაჩივრონ საქმის გამო მიღებული დადგენილება.