იუსტიციის მინისტრი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის მიერ შანტაჟთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მოუწოდებს მას პროკურატურას მუქარის დამადასტურებელი ყველა ფაქტი წარუდგინოს.
თეა წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას განცხადებაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
„მე მინდა მას მოვუწოდო, რომ პროკურატურის სამუშაო მაგიდაზე ყველა გვარი და სახელი, მუქარის დამამტკიცებელი ყველა ფაქტი დადოს, გამოძიებამ რომ შეძლოს, წინ წაიწიოს და პროგრესი იყოს.
თუ ეს უბრალოდ განცხადებაა ეს დასანანია, თუ ამ განცხადების უკან შეძლებს, რომ პროკურატურას მტკიცებულებები მისცეს, ერთი მხრივ, შემაშფოთებელი იქნება როგორც ფაქტი, მაგრამ ძალიან კარგი იქნება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოძიებამ ამ ქვეყანაში შეძლოს და აჩვენოს, რომ როდესაც ჟურნალისტი ზეწოლის შესახებ აცხადებს, ამ ჟურნალისტს აქვს ფაქტები და ვინც უნდა დაისაჯოს, დაისჯება, ამის დიდი იმედი მაქვს.
ამიტომაც ბატონი ნიკა თუ დადებს მტკიცებულებებს ვინ, როდის, როგორ დაემუქრა, რა იყო მუქარის შინაარსი, ეს მხოლოდ წაადგება გამოძიებას და მე მას ამისკენ მოვუწოდებ,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.