სოციალური პროექტი "თბილისი-მარათონი"წელს მეოთხედ ჩატარდა და მისი მიზანი ერთის მხრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი, სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება და ქველმოქმედება იყო.
ღონისძიების რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ორგანიზატორი "ჰაიდელბერგ ცემენტი"ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წელს ქალაქ რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის გაფართოებასა და კეთილმოწყობას მოახმარს.
წელს "თბილისი-მარათონზე" ჩოხატაურის სახელით მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი სკოტ მეთიუ ლოლესი ასპარეზობდა, რომელიც ჩოხატაურის საკრებულოში მოხალისედ მუშაობს.
"მსგავსი სახის საქველმოქმედო ღონისძიებები ხშირად უნდა ჩატარდეს. "თბილისი–მარათონზე"მე გურიის სახელით ვიასპარეზე და ფინიშთან ერთ საათსა და ოცდაათ წუთში მოვედი. ცოტათი დავიღალე, მაგრამ ძალიან ნასიამოვნები ვარ, შესანიშნავი მარათონია,"_ აღნიშნა სკოტ მეთიუ ლოლესმა "გურია ნიუსთან"საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოში ადამიანების ერთმანეთისადმი თბილი დამოკიდებულებით მოხიბლულია.
"საქართველოში როგორც მშვიდობის კორპუსის მოხალისე ისე ვიმყოფები და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დავრჩები. რაც ყველაზე მეტად მომწონს ქართველი ხალხია. მათ ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა და უძველესი კულტურა აკავშირებთ,“_ ამბობს ლოლესი.
როგორც ლოლესი აღნიშნავს, ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას აპირებს.
"მინდა ვიმოგზაურო და მსოფლიო ვნახო, თუმცა დღეს, აქ, ამ მარათონში მონაწილეობა იმ მიზნით მივიღე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველ ბავშვებს დავხმარებოდი,“_ აღნიშნა ლოლესმა.