ყველა მეზობელთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები, თუმცა არა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში რუსეთთან ურთიერთობების შესახებ კითხვის კომენტირებისას გააკეთა.
კითხვაზე – აქვს თუ არა შედეგი "ქართულ ოცნებას" რუსეთთან დიალოგით, ივანიშვილი პასუხობს, რომ "ბევრი არა".
"მაგრამ ვაჭრობის დაწყება, სხვადასხვა საკითხებზე დიალოგი საფუძველია იმისა, რომ ძირითადი საკითხიც გადაწყდეს და არა ის ისტერიკები, ცივი და მერე ცხელი ომი, რომელშიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩააყენა ქვეყანა. სანამ მოხდებოდა გლობალური ომი, მათი პოზიცია მაშინვე იყო გაუმართლებელი. ასე არ შეიძლება. ჩვენ კარგად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და მაქსიმალურად მოვეფეროთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ზედმეტი აქტიურობით და გადაჭარბებული ენერგიის ხარჯვით, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია, შეიძლება მივიღოთ მსგავსი, რაც მიიღეს 2008 წელს. იმ პროცესში, რაც 2008 წელს მოხდა, სისულელეების ძალიან დიდი როლია. ოდნავ გონიერება რომ ჰყოფნოდა მაშინდელ ხელისუფლებას, ვფიქრობ, ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა. დღესაც ეს პრეტენზია მაქვს. ახლა ცდილობენ იგივე გააგრძელონ და ახალ უბედურებაში ჩაერთონ. ჩვენ თანხვედრაში უნდა მოვიდეთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მაქსიმალური დახმარება მივიღოთ მათგან, დაველოდოთ დროს და აუცილებლად აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დავიბუნებთ ჩვენს ძმებს – აფხაზებსა და ოსებს", _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაციის გაგრძელებაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს ის რეაქცია, რაც შეუძლია.
"ეგონათ ვიღაცეებს, რომ რაღაცეები შეეძლოთ. რომ არ ჰქონოდათ ამის ცდუნება, დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ იმ სიტუაციას შევინარჩუნებდით, რაც იყო შევარდნაძის მმართველობის დროს, რომ იქ სამშვიდობოების სახით გვევლინებოდნენ მაშინ რუსები. იმიტომ, რომ უამრავი უმეცრებები ჩაიდინეს, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ახლაც, საუბედუროდ, რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. როგორც კი გადავალთ იქ, რაც არ შეგვიძლია, შეიძლება ახალი უბედურება დატრიალდეს",_ განაცხადა ივანიშვილმა და განმარტა, რომ გლობალურ პოლიტიკაში სიტუაციის შეცვლას უნდა დაველოდოთ.
ივანიშვილმა ასევე შეაფასა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომზე გამოძიების დაწყების შესაძლებლობა და აღნიშნა: "მეც მაქვს ეჭვი, რომ ქართველების ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი. ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლო ამას გამოიძიებს", _დასძინა ივანიშვილმა.


































































