დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ლანჩხუთის "გურიამ" მართალია ბოლნისში იქაურ "სიონთან" ფრედ, 1:1 ითამაშა, მაგრამ ვინაიდან პირველი მატჩი შინ 0:2 წაგებული ქონდა, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბოლნისში კი მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. ჯერ მასპინძლებმა მოახერხეს ანგარიშის გახსნა, ეს 53- ე წუთზე მოხდა, მას შემდეგ რაც საჯაიამ ზუსტი დარტყმით იხეირა.
სტუმრების სიტუაცია 65 -ე წუთზე სულ უფრო დამძიმდა, მსაჯმა მჭედლიშვილი რომ გააძევა მოედნიდან. წესით კაცნაკლულებისთვის თამაშის გადარჩენა რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამიოდ წუთში ანგარიში გათანაბრდა."გურიას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ნიკა წერეთელმა მოახერხა გატანა და დარჩენილ წუთებს ცოტაოდენი ინტრიგაც შეუნარჩუნა. თუმცა, ეს იყო მხოლოდ, მეტი ამ შეხვედრაში არაფერი შეცვლილა.
"სიონის" დარად მეოთხედფინალში იოლად გააღწიეს ჩემპიონატის უმაღლესლიგელებმა – თბილისის "დინამომ", ქუთაისის "ტორპედომ", ქობულეთის "შუქურამ" და "სამტრედიამ". მოულოდნელად ვერ გადალახა ეს ბარიერი გორის "დილამ", რომელმაც მართალია ზუგდიდში 1:0 იმარჯვა, მაგრამ შინ წაგებული 1:2 ვერ გააბათილა. რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", ამ გუნდმა ვერაფერი მოუხერხა ქვედალიგელ თბილისის "ვიტ ჯორჯიას" და ორი მატჩის ჯამში 2:4 წააგო.
რაც შეეხება "ჩიხურა" – "საპოვნელას" მატჩს, ის ხვალ გაიმართება, თუმცა, წარმოუდგენელია საჩხერელებმა თერჯოლაში მოპოვებული გამარჯვება (2:0)შინაურ კედლებში გაანიავონ.





































































