საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები, რომლის თანახმადაც ის და მისი კომპანიები ხეებს ჩეხავენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია:
_ რაჭაში ხეები სრულიად კანონიერად იჭრება და ის საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში ივანიშვილმა „შემორაგვულ“ კიპარისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ხეები მისი ჰობია. ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მედიამ არასწორი ინფორმაციაა გავრცელა და მას კიპარისები არ მოუჭრია.
იგივე გაიმეორა „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ კომენტარში და აღნიშნა, რომ იგი „დიდი ხეების ფანატია“:
_ მე ვარ დიდი ხეების ფანატი, გიგანტური ხეების და ჩემმა ძმამ წამიყვანა ჭაობის კიპარისების სანახავად. წვერმაღალაზე მივედი (დასახლება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში) და იქ იყო ბარბაროსულად ლურსმნით მიჭედებული, რომ იყიდება ეს საოცრად გიგანტური ხე. დავრეკე, ნაწილი გაყიდული იყო გასაჩეხად. იქ არის უნიკალური ჭაობის კიპარისები, ასწლოვანი, ლილიე დელ რუმი – გიგანტური ტულპანის ხეები და ეს ყველაფერი იყიდებოდა გასაჩეხად. ორმაგი თანხა გადავიხადე. გაჩეხვას გადავარჩინე, შემოვრაგვე, იქ მეტი არაფერი შეიძლება. ისევ ჭაობის კიპარისები დავამატე, დავრგე ის ხეები, რომლებიც ასაკი არიან, რომ განახლება მოხდეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წვერმაღალაზე მუზეუმის და ზოოპარკის გაშენებას აპირებს:
_ იქ არ არის იმის ადგილი, რომ ზოოპარკი ან მუზეუმი აშენდეს. სულ არის 1 ჰექტარი ფართობი, თუ ნაკლები არა, _ დასძინა ივანიშვილმა.
იმის გასარკვევად ნამდვილად გაიჩეხა თუ არა ასწლოვანი კიპარისები „გურია ნიუსი“ წვერმაღალაში იმყოფებოდა.
ჩვენ შევძელით ივანიშვილის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის და სამუშაო პროცესის გადაღება. მუშებმა ჩვენთან საუბრისას არ დააკონკრეტეს რას აკეთებს ყოფილი პრემიერი წვერმაღალაში, თუმცა, დაბეჯითებით გვითხრეს, რომ სამუშაოების დროს, არცერთი ხე არ მოუჭრიათ და პირიქით, ახლები დაირგო, რასაც ჩვენს მიერ გადაღებული კადრებიც ადასტურებს.