ხაჭო ის პროდუქტია, რომელიც ყოველთვის და ყველა ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოცაა და სასიამოვნოდ მისართმევიც. მასში შემავალ ცილებს ორგანიზმი ადვილად ითვისებს და, ამიტომ, თუ კვირაში ორ დღეს ამ უნიკალურ პროდუქტს დაუთმობთ, არც მშიერი დარჩებით და დაგროვილ-ჩაკირული ცხიმებიც სწრაფად და ადვილად დაიწყებს "დნობას".
ხაჭოში შემავალი მინერალური ნივთიერებებიდან უმთავრესი – ფოსფორი და კალციუმი, არა მარტო ძვლებსა და კბილებს ამაგრებს, არამედ გულის კუნთსაც. B ჯგუფის ვიტამინები კი ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის რეგულირებას და, გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, რითაც ხელს უშლის შეშუპებას.
ხაჭოს ენერგეტიკული ღირებულება, მისი ცხიმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება, იყოს სხვადასხვაგვარი. დიეტოლოგები ხშირად უნიშნავენ გახდომის მსურველ პაციენტებს უცხიმო ხაჭოს და არც ცდებიან. არც იშიმშილებთ და ქონებიც ადვილად დაიწვება, რადგან 100 გრამი ხაჭო მხოლოდ 86 კილოკალორიას შეიცავს.
რაც შეეხება თავად ხაჭოს დიეტას, რეჟიმი შეგიძლიათ, თავად შეადგინოთ, იმის გათვალისწინებით, რომ კვება უნდა მოხდეს საათში ერთხელ და დილით 8-9 საათიდან საღამოს 18 საათამდე. უნდა მიიღოთ 600-700 გრამი ხაჭო – თუ სხვა პროდუქტებს არ შეურევთ; ან, 300-400 გრამი – თუ შეურევთ ხილს ან თაფლს.
ხაჭოს განტვირთვის დღეები მოაწყვეთ კვირაში ორჯერ, დანარჩენ დროს კი მიირთვით ყველაფერი, ოღონდ, შეზღუდული რაოდენობით. კატეგორიულად გამორიცხეთ 18 საათის შემდეგ საკვების მიღება.