პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება ნაციონალური მოძრაობა.
"ეს არის მთავრობა და ხელისუფლება, რომელმაც პრობლემები შექმნა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში, მათ შორის, უკრაინასთან. ეს არის მთავრობა და პრემიერი, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისაკენ. ამიტომ, ცხადია, რომ მის სიტყვას არავინ სერიოზულად არ მიიღებს. თავად პრემიერია არასერიოზული და თავად არის ადამიანი, რომელიც ყველანაირად ქმნის პრობლემებს და წინაღობებს,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
როგორც ცნობილია,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, წერილი გაუგზავნა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის მეთაური შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებსა და ანტისახელმწიფოებრივი, ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს შეიცავს.
პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინის პრეზიდენტს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს.