საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.
განმწესრიგებელი სხდომის შედეგი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა. საუბარია დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობაზე.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეჩერდეს საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ივანიშვილის ბლიცკრიგი ვეღარ შედგება და ბრძოლა გრძელდება":
_ ივანიშვილის ბლიცკრიგი ვეღარ შედგება, ბრძოლა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლომ რ2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ნორმის ამოქმედება (დაუყონებლივი აღსრულება) შეჩერებულია გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ის რაც იგეგმებოდა, უკანონო სასამართლო გადაწყვეტილება და შემდეგ დაუყოვნებლივ შესვლა ტელეკომპანიაში, ვეღარ განხორციელდება.
იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ზოგიერთი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზებას და დროის მოგებას ბოლო კვირეების განმავლობაში, _ წერს სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
































































