გუდაურში დასრულდა ხუთდღიანი ტრენინგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის თემაზე "გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა". ტრენინგი გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში.
" ეს შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეგიონულ მედიას აქვს განსაკუთრებული როლი ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მისაღწევად, სწორედ ჟურნალისტები არიან იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებმაც საზოგადოებაში არსებული გამოწვევები, რაც თანასწორობის კუთხით გვაქვს სახელმწიფოში გამოასწორონ. თანასწორუფლებიანობის იდეა საზოგადოებამდე ჟურნალისტებმა უნდა მიიტანონ. ჟურნალისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა უფრო სიღრმისეულად გაცნობოდნენ გენდერული თემების გაშუქების სენსიტიურობას, ჟურნალისტურ ეთიკას და სხვა საინტერესო თემებს." – თქვა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, პაატა ბელთაძემ.
ტრენინგს რამდენიმე საათით ესტუმრა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი განცხადებით, ეს იყო მეორე ტრენინგი გენდერის თემაზე ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში.
" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული ჟურნალისტები ესწრებიან ამ შეხვედრას, რადგან ისინი არიან ინფორმაციის გამტარები და დიდი წვლილი აქვთ საზოგადოების აზრის ფორმირებაში.
16 წლის განმავლობაში, როცა არასამთავრობო სექტორში ვიყავი, მედია იყო ჩვენი მთავარი დასაყრდენი და ასე გრძელდება დღესაც. იმედი მაქვს მომავალშიც ასე გაგრძელდება." – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ხუთდღიანი ტრენინგის განმავლობაში ეკატერინე აღდგომელაშვილმა, ზვიად ქორიძემ, ეკატერინე სხილაძემ, ანა ლობჟანიძემ და მონიკა ელენამ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ მედიის წარმომადგენლებს.