დღეს, საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი საქართველოს ეწვევა და ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს. ფრანგი დიპლომატი შეხვედრებს „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით გამართავს.
ბერნარ კუშნერი საქართველოს 2008 წელს რუსეთ – საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა და სარკოზისთან ერთად საქართველოს მშვიდობა მოუტანა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია.
იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.
კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.
ბერნარდ კუშნერს აეროპორტში საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი დახვდებიან. სტუმარი, საქართველოში ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთებს.
პოპულარული ფრანგი პოლიტიკოსი, დიპლომატი და ექიმი, ბერნარ კუშნერი დაიბადა 1939 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ავინიონში. იგი სამჯერ 1992-1993,1997-1999, 2001-2002 წლებში იყო საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ხოლო 2007-2010 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი იყო 1971 წელს, პარიზში ერთ ერთი დამფუძნებელი ორგანიზაციისა „ექიმები საზღვრებს გარეშე“(Médecins sans frontières), რომელმაც მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებისათვის უდიდესი სამუშაო გასწია. აღნიშნულის გამო, ორგანიზაციას 1999 წელს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.