“რესპუბლიკური პარტიის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გაიოზ ქინქლაძე, კონტროლის პალატისთვის ახსნა-განმარტების მისაცემად, ფოთის შემდეგ, ოჯახის დანარჩენ წევრებთან და პარტიის წარმომადგენელთან ერთად, ზუგდიდში დაიბარეს. ერთადერთი, ვინც მისი ოჯახის წევრებს შორის კონტროლის პალატის უწყება არ მიუღია, სიდედრია. ამის შესახებ ქინქლაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, მან კონტროლის პალატის წარმომადგენელს, ფოთი-ზუგდიდი-ფოთი მგზავრობის ხარჯის, 38 ლარის ანაზღაურება მოსთხოვა, თუმცა, მან “ქართულ ოცნებაში” დაამისამართა.
“25 წლის წინ, როცა საბჭოთა კაგებემ ჩემი პოლიტიკური აქტივობის გამო თბილისში დამიბარა, მგზავრობის თანხა ამინაზღაურა, რასაც ამ შემთხვევაში ვერ მივაღწიე. შეკითხვები ეხებოდა ყველაფერს, ძირითადად, ფინანსურ შემოსავლებს. მკითხეს, რამდენი კილოგრამი თხილი და წაბლი მომყავდა სოფელში, რა თანხა შემომდის მაღაზიიდან. რა ოდენობის ხელფასი აქვს ჩემს შვილს სამსახურში. აინტერესებდათ ყველაფერი, როგორც ჩემთან, ისე ჩემს მეუღლისთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, აგერთვე, ფოთის “ქართული ოცნების” ოფისის დაქირავებასთან დაკავშირებული დეტალები, რომელზეც მე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია”, _ აცხადებს ქინქლაძე.
ქინქლაძე, კონტროლის პალატაში მისი ოჯახის წევრების დაბარებას, ზეწოლად და დაშინების მცდელობად მიიჩნევს, რადგან “რესპუბლიკურ პარტიაში” მხოლოდ ის და მისი მეუღლე ირიცხებიან, ახსნა-განმარტების უწყება კი, ოჯახის 4 წევრის სახელზე მიუვიდათ.
“ჩემს შვილებს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვთ _ ერთი სტუდენტია, მეორე კი კერძო სამსახურში მუშაობს”, _ აცხადებს ქინქლაძე, რომლის ერთი ვაჟის, რევაზ ქინქლაძის მიმართ, კონტროლის პალატაში არ გამოცხადების გამო, შსს ფოთის სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დღეს ახსნა-განმარტების მისაცემად მისი მეორე ვაჟი, იმ მიზეზით ვერ გამოცხადდა, რომ სტუდენტია და თბილისში სწავლობს.