ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც გუშინ შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, რამდენიმე წუთის წინ იმერეთის ტერიტორიაზე იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები და საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები მალე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ოჯახი გუშინ, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე დააყაჩაღეს. თავდამსხმელებს სახეზე სამედიცინო ნიღბები ეკეთად. ზაალ მამალაძის მეუღლე სტომატოლოგია და როგორც გვითხრა იმ დროს პაციენტს ელოდებოდა:
_ პაციენტებს ველოდებიდი. დაახლოებით ათის ნახევარი იქნებოდა, როცა კარზე დააკაკუნეს და ზაალი იკითხეს. კარი გავაღე თუ არა შემოიჭრნენ იარაღებით, _ იხსნებეს ნინო მამალაძე.
ყაჩაღები ოქროს და ფულს ითხოვდნენ და სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ზაალ მამალაძეს წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ნინო მამალაძის მიმართაც.
თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ოჯახის წევრები დააბეს და მიმდებარე ტერიტორია ზაალ მამალაძის კუთვნილი ავტომობილით დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი იმ დროს მოხდა, როცა პოლიცია რეიდებს ატარებდა და ავტომანქანებს, მგზავრებსა და ფეხით მოსიარულეებსაც, საფუძვლიანად ამოწმებდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ზაალ მამალაძის სახლი ჩოხატაურის პოლიციის შენობასთან ახლოს მდებარეობს.
თვითმხილველების თქმით, ყაჩაღობის დროს მამალაძეების სახლის მიმდებარე ტერორიტიაზე საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობდა და ეს იქვე მდებარე "ავერსის" საავადმყოფოს და "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურის კამერებმაც დააფიქსირა.