სახელმწიფო პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება – სასტუმრო ინდუსტრიისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფელ ტიბაანში კიდევ ერთი ახალი – საკვები პროდუქტების საწარმო იქმნება.
სახელმწიფო პროგრამისთვის კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისა და სასტუმროების კომპონენტის დამატების მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სასტუმროს კომპონენტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ტურიზმიდან შემოსავლები მილიარდ 800 მილიონ დოლარს უტოლდება, ხოლო კინოინდუსტრიის პროექტით, რომელიც მომზადებულია კულტურის სამინისტროსთან ერთად, მთავრობას სურს, წაახალისოს საქართველოში საერთაშორისო ფილმების, სერიალების გადაღება, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების, გადასაღები მოედნების, პროფესიონალების ჩამოყალიბებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.