გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძესა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა ჭანუყვაძე მოწინავე გამგებლებს შორის დაასახელა.
აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ ყოველკვირეულ გადაცემაში "არჩევანი _ მე!" კატეგორიულად უარყვეს სიორიძემ და ჭანუყვაძემ:
_ პრემიერს მერაბზე არ უსაუბრია. მთლიანად ოზურგეთზე გააკეთა კომენტარი და არ დაუკონკრეტებია ეს ქალაქს ეხებოდა თუ მუნიციპალიტეტს, _ აღნიშნა სიორიძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა კარგი მუშაობისთვის მერაბ ჭანუყვაძეც შეაქო და თვითონაც:
_ ბატონმა პრემიერმა კარგი მუშაობისთვის მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელსაც გადაუხადა და მეც, როცა ოზურგეთში იყო ჩამოსული, _ დასძინა სიორიძემ.
ჩვენს კითხვაზე _ ებრძვიან თუ არა ერთმანეთს იმისთვის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელონ, ჭანუყვაძემ აღნიშნა, რომ ის ოზურგეთელებმა გამგებლად აირჩიეს და ასე იქნება ბოლომდე:
_ ამ თემაზე საუბარიც კი არ ყოფილა და არც იქნება, რადგან მე ვარ ხალხის მიერ არჩეული გამგებელი და ვიქნები ბოლომდე. არ ვაპირებ დეპუტატობას, _ თქვა ჭანუყვაძემ გადაცემაში სტუმრობისას და სიორიძესთან ყოველგვარი დაპირისპირება უარყო.
იგივე კითხვაზე მერს კონკრეტული პასუხი არ გაუცია:
_ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი და არავინ იცის, რა იქნება შემოდგომაზე. რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ურთიერთობას, ჩვენ არასდროს გვქონია კონფლიქტი და არც გვექნება. ჩვენ არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები, _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.
კიდევ ვინ აპირებს დეპუტატობისთვის ბრძოლას, რომელი დაპირებები შეუსრულეს ახალგაზრდებს მერმა და გამგებელმა, როგორ დაიგეგმა მომავალი წლის ბიუჯეტი, რა იქნება მუნიციპალიტეტის პირველი პირების პრიორიტეტები _ დაელოდეთ გადაცემას "არჩევანი _ მე!", რომელიც ჩვენს ვებგვერდზე დღეს, საღამოს 8 საათზე გავა.