უნიკალური ქართული ექსპონატი, ვანში აღმოჩენილი ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსი ვაშინგტონის ეროვნულ გალერეაში 2016 წლის მარტის ბოლომდე გამოიფინება.
შეგახსენებთ, რომ ჭაბუკის ტორსი მოძრავი გამოფენის "ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები" ნაწილია, რომელიც ჯერ ფლორენციის პალაცო სტროციში, შემდეგ კი ლოს ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმში იყო წარმოდგენილი.
გამოფენაზე – "ძალაუფლება და პათოსი: ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები", ხმელთაშუა და შავიზღვისპირა ქვეყნებში ძველი წელათაღრიცხვით მე-4 და ახალი წელთაღრიცხვის 1 საუკუნეებში აღმოჩენილი და შექმნილი ბრინჯაოს მსოფლიო შედევრებად აღიარებული სკულპტურებია წარმოდგენილი ისეთი მუზეუმებიდან, როგორიცაა: მეტროპილიტენ მუზეუმი, ბრიტანეთის მუზეუმი, უფიცის გალერეა, ნეაპოლის, ათენის, ლუვრის, პარიზის, ვატიკანისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
National Gallery of Art-ის ინფორმაციით, მუზეუმში უძველესი ექსპონატების დათვალიერება 2016 წლის 20 მარტამდე იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული გამოფენის შესახებ "გურია ნუსი" ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში წერდა. მაშინ, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ვანში აღმოჩენილი ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსის სადაზღვევო ღირებულება 1, 500, 000 აშშ დოლარს (1, 309,950 ევრო) შეადგენდა.
როგორც "გურია ნიუსს" საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, უნიკალურ ექსპონატს კონსერვაცია 1988 წელს ჩაუტარდა.
"მისი მომზადების, მასალის შემადგენლობისა და ექსპონატის მდგომარეობის გათვალისწინებით სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების საჭიროება დღემდე არ გაჩენილა", _ აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.
რაც შეეხება გამოფენაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებებს ექსპოზიციის ორგანიზატორებთან, 2014 წლის იანვრიდან მიმდინარეობდა, ხოლო ოფიციალური მიწვევა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა 2014 წლის 8 მაისს მიიღო.
ეროვნულ მუზეუმში განმარტავდნენ, რომ საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად, გამოფენის დასრულებისას საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით მოიხსნება ექსპონატი, ჩატარდება მისი მდგომარეობის შეფასება, შეფუთვაა და ტრანსპორტირება საქართველოში.
რაც შეეხება გამოფენის გახსნიდან, მის დასრულებამდე საქართველოს წარმომადგენლის ექსპონატზე ზედამხედველობას, ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ "თანმხლები პირის (რესტავრატორის) ქვეყანაში დარჩენის ვალდებულება ხანგრძლივვადიანი გამოფენისას ექსპოზიციის მიმდინარეობის მთელი ვადის განმავლობაში, მსოფლიო სამუზეუმო პრაქტიკაში არარსებობს".
"ექსპონატის დაბრუნების სამართლებრივ გარანტიას, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ერთად, ქმნის სახელმწიფოს კომპეტანტური ორგანოების საგარანტიო წერილი (სახელმწიფო გარანტია), რომელიც წარმოდგენილ იქნა ზემოაღნიშნული გამოფენის ორგანიზატორების მიერ", _ აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის წერილში.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ჯან-პოლ გეტის მუზეუმის თანამშრომლობას, როგორც ეროვნულ მუზეუმში აღნიშნავენ, თანამშრომლობა უკვე მრავალი წელია გრძელდება. ამის ერთ ერთ კომპონენტს კი უძველესი ლითონების სამეცნიერო შესწავლა და ტექნიკური კვლევა წარმოადგენს.
"სწორედ ამ პროექტის ფარგლებში 2009-2010 წლებში განხორციელდა "ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსის" მიწისძვრის საწინააღმდეგო ახალი სადგამის დამზადება, რომლითაც ჩანაცვლდა ძველი დაზიანებული სადგამი", _ აღნიშნავენ ეროვნულ მუზეუმში.
მას შემდეგ კი, რაც 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდება, ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი უკვე განახლებულ საგამოფენო სივრცეში თავის პირვანდელ ადგილსამყოფელს დაუბრუნდება.
ცნობისთვის, ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი, ბრინჯაოს ჭაბუკის ფიგურა ძვ. წთ. აღ.-ის მეორე საუკუნითაა დათარიღებული. მისი სიმაღლე 105 სმ-ია.
პირველი ცნობა ვანის სიძველეების შესახებ 1840-იანი წლებიდან ჩნდება. პირველი სამეცნიერო გათხრები 1896 წელს აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სისტემატური გათხრები კი, 1947 წლიდან დაიწყო. მისი პირველი ხელმძღვანელი ნინო ხოშტარია იყო. 1966 წლიდან 2002 წლამდე ექსპედიციას სათავეში ედგა აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე, სწორედ მან განსაზღვრა "ჭაბუკის ტორსი", როგორც ელინისტური ეპოქის ე.წ. კლასიცისტური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში.
ამავე თემაზე:
"ჭაბუკის ტორსი" იტალიის შემდეგ ვაშინგტონში გამოიფინება
უნიკალური ქართული ექსპონატი – "ჭაბუკის ტორსი" იტალიაში გამოფინეს
1 500 000 დოლარად დაზღვეული უნიკალური ექსპონატი საქართველოში ივნისის ბოლოს დაბრუნდება





































































