პრემიერის ბრიფინგის ჩატარების დრო შეიცვალა _ ირაკლი ღარიბაშვილი 18:00 საათის ნაცვლად, განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში დაუდასტურეს, სადაც ბრიფინგის გადადების მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ.
პრესსამსახურში, ასევე არ აკონკრეტებენ, რა თემაზე აკეთებს ღარიბაშვილი განცხადებას, თუმცა "გურია ნიუსის" ინფორმაციით მთავრობის მეთაური გადადგომის მიზეზებზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ დილით, „გურია ნიუსმა" წყაროზე დაყრდნობით, ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრემიერის გადადგომა, წუხელ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდა.
წყაროს მტკიცებით, ღარიბაშვილს დროებით გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის, რომელიც "ქართულ ოცნებას" პრემიერ-მინისტრად სურს და როგორ ამბობენ, სწორედ მის კანდიდატურას წარუდგენენ პარლამენტს.
თუმცა, აქ ერთი დეტალია საინტერესო _ გიორგი კვირიკაშვილს დედა გარდაეცვალა და დაკრძალვა ხვალაა. ამის გამო, როგორც წყარო ამბობს, ღარიბაშვილის გადადგომა პარასკევს უნდა გახმაურებულიყო, თუმცა მოვლენები მას შემდეგ დაჩქარდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი მოსამართლე ლევან მურუსიძეს ლობირებს.
აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ „გურია ნიუსი“ რამდენიმე თვის წინაც წერდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთანაც გადავამოწმეთ. კითხვაზე, გახდებოდა თუ არა პრემიერ-მინისტრი, რაზეც აქტიურად საუბრობდნენ კულუარებში, ერთი თვის წინ კალაძემ ასე გვიპასუხა:
_ დღეს ქვეყანს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, ახალგაზრდა პიროვნება. ლიდერი პარტია „ქართული ოცნების“, კოალიციის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ვფიქრობ, რომ ის წარმატებული პრემიერ მინისტრია. ახალგაზრდა კაცია და ჩვენ, მთლიანად მთელი გუნდი, მაქსიმალურ თანადგომას ვუცხადებთ. ძალიან ბევრ მნიშნელოვან პროექტს ვახორციელებთ, ბევრი რეფორმები მიმდინარეობს ქვეყანაშია. თუმცა, სამომავლოდ ვინ იქნება ლიდერი, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ მინისტრი, ამაზე გუნდი იმსჯელებს. ჯერ ძალიან ბევრი დროა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. დაველოდოთ მოვლენებს.
_ არ გამორიცხავთ რომ თქვენ გახდეთ?
_ გამიჭირდება წინასწარ რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მზად ვარ, კარისკაცადაც დავდგე, თუ ეს ჩემს გუნდს, ჩემს ქვეყანას დასჭირდება, _ გვითხრა კახი კალაძემ.

































































