დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა შედგა, სადაც დარბაზის წევრებს ოზურგეთის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ მადლობა გადაუხადა წლის მანძილზე გაწეული თანამშრომლობისა და საქმიანი ურთიერთობისთვის.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე: "ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა დასაქმების და ბიზნეს საქმიანობების ხელშეწყობის პროექტის განხილვის შესახებ", _ ისაუბრა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ღლონტმა. მან განაცხადა, რომ "დაბრუნდი საქართველოში" პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მიგრაციის შემცირების ხელშეწყობას, პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთათვის საარსებო წყაროს შექმნის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებას.
"გურიისა და აჭარის მოსახლეობაში ჩატარდა კვლევა-გამოკითხვა, რათა გამოევლინათ, ვინაა მიგრანტი და ვინ რა ტიპის ჯგუფია. დადგინდა, რომ შრომით მიგრაციას მასობრივი ხასიათი აქვს.ხაზგასმით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს მიგრაციის პრობლემის გადაწყვეტაში" _ თქვა მან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ განმარტა, რომ "დღევანდელ ხელისუფლებას აქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა მოსახლეობასთან. ყველა შემოსული განცხადების მიმართ ადეკვატური მიდგომა არსებობს. არავინ არ დარჩენილა დახმარებისა და თანადგომის გარეშე, ვინც დახმარება ითხოვა. ზოგადად კი რაც ნაკლებად ორიენტირებული იქნება ჩვენი ბიუჯეტი სოციალური პროექტებზე, უკეთესია. ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი თანხები უნდა წავიდეს, რომ განვითარების მძლავრი ნაბიჯი გადაიდგას," _ დასძინა ჭანუყვაძემ.
დიმიტრი კვერღელიძემ დარბაზის წევრებს მოახსენა "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ", რომელსაც 25 დეკემბერს წარუდგენენ საკრებულოს.
" ვინც ბიუჯეტის ანატომია იცის, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ხალხის ფულს მაქსიმალურად ვუფრთხილდებით. ოზურგეთის ბიუჯეტი ცხრა მილიონი ლარის ნიშნულითაა წარმოდგენილი. ძირითადად ბიუჯეტის წილი მიდის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ასევე მომავალში ვერავინ იტყვის _ "არ მაქვს წამლის ფული", რადგან დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანადაა მიმართული მედიკამენტებისთვის. ნებისმიერი მოქალაქე, ვინც შესაბამისი აფთიაქიდან მოიტანს ინვოისს, მას თანხა ჩაერიცხება", _ თქვა კვერღელიძემ.

































































