ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა თანამშრომლებზე წინასაახალწლოდ 54 310 ლარის პრემია გასცა:
" ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ პირებს, მათზე დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან განსაკუთრებული სირთულის და მნიშვნელობის დავალების შესრულებისთის მიეცეთ პრემია" _ აღნიშნულ ბრძანებას, რომელიც 22 დეკემბრითაა დათარიღებული, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე აწერს ხელს:
ოზურგეთის მერს – 2 750 ლარი, ვიცე მერს-2 150 ლარი, მოადგილეს – 2050 ლარი, თანაშემწეს – 850 ლარი, მდივან რეფერენტს – 650 ლარი, სამსახურის უფროსებს – 1500 – 1500 ლარი , ხოლო განყოფილების უფროსებს – 900 -900 ლარი ერგოთ.
პრემია არათანაბრად არის გაცემული მთავარ სპეციალისტებზე, წამყვან სპეციალისტებზე, უფროს სპეციალისტებზე და სპეციალისტებზე, ზოგს 750 ლარი ერგო, ზოგს – 375 -350 , ზოგს – 325, ზოგს კიდევ – 100 ლარი, გამონაკლისია ასევე ერთ-ერთი განყოფილების უფროსი – გიორგი ხუროშვილი, რომელსაც პრემიის სახით ყველაზე დაბალი სარგო -100 ლარი დაერიცხა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ საახალწლოდ 24 950 ლარი გასცა :
"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურსთვის, მიეცეთ პრემია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით" _ აღნიშნულ ბრძანებას, რომელიც ასევე 22 დეკემბრითაა დათარიღებული, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე აწერს ხელს.
საკრებულოს თავმჯდომარემ საახალწლოდ 2750 ლარი აიღო პრემიის სახით, მოადგილემ 2150 ლარი, ხუთმა კომისიის თავმჯდომარემ 1 500 – 1500 ლარი, ოთხ ფრაქციის თავმჯდომარეს ასევე 1500 – 1500 ლარი ერგოთ, აპარატის უფროსს – 1400 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს – 850 ლარი, ოთხ მთავარ სპეციალისტს – 750 – 750 ლარი, მდივან – რეფერენტს – 650 ლარი, მძღოლს – 650 ლარი .
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბეგლარ სიორიძის პოზიცია პრემიების გაცემასთან დაკავშირებით ასეთია: "ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როდესაც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველა თანამშრომლისთვის პრემია გასცა. ახლა წლის ბოლოა და სამწუხაროდ, ბიუჯეტში იმდენი თანხა არ გვქონდა, რომ პრემია ხელფასის სრული ოდენობით ყველა თანამშრომელს მიეღო. ამიტომ ხელფასის სრული ოდენობით პრემია იმ ადამიანებისთვის გავეცით, რომელთა სამუშაო ვალდებულებების სპეციფიკა ზეგანაკვეთურ მუშაობას მოითხოვს. ეს ადამიანები მუშაობენ, როგორც სამსახურეობრივი საათების დასრულების შემდეგ, ასევე, დასვენების დღეებში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სხვა თანამშრომლების საქმიანობას არ ვაფასებ. იმედია, ისინი ამ გადაწყვეტილების საფუძველს სწორად გაიგებენ."