მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოში საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრება განიხილება.
პრემიერის განმარტებით, საქმე ეხება მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში.
„საუბარია იმაზე, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. ხოლო, თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან, რომელთან პარტნიორობის შენარჩუნებაც უმნიშვნელოვანესია.
პრემიერის ინფორმაციით, გარკვეული კონსულტაციები ამ მიმართულებით საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს. კანონპროექტი მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება, რის შემდეგაც პარლამენტში გაიგზავნება.
„ეს ისეთი საკითხია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.