თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გურამ მჭედლიძე გაგიკ აიდინიანის განზრახ მკვლელობაშიდამნაშავედ სცნო.
მოსამართლემ გურამ მჭედლიძეს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 2 მაისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გურამ მჭედლიძე ტელეფონით დაუკავშირდა გაგიკ აიდიანს და თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არსებულ ორხევის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა მოსთხოვა. შეხვედრაზე მჭედლიძეს გ. აიდიანთან იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა საერთო მეგობრებთან იგი ცუდად მოიხსენია ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს მჭედლიძემ დანა ამოიღო, გაეკიდა გაგიკ აიდიანს და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა სამი ჭრილობა მათ შორის ერთი გულმკერდის არეში. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაგიკ აიდინიანი მიღებული ჭრილობების შედეგად სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გურამ მჭედლიძე იმავე დღეს თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გურამ მჭედლიძე წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი ყაჩაღობისთვის, ძარცვისთვის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ცემისთვის. პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.