26 იანვარს, ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომის გადაწყვეტილებით, საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს გია გეგუჩაძე გაწვრთნის. რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, კახა ცხადაძის საკითხს, როგორც სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღმასკომზე განაცხადა, კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ლევან კობიაშვილი მზად არის ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტის მიზნით, კიდევ ერთხელ გამართოს მოლაპარაკება ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან. აღმოსკომის რეკომენდაციით, საზოგადოების და ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს მზაობას გაფორმდეს ურთიერთშეთანხმება, სადაც მოხდება ფედერაციისა და მწვრთნელის ინტერესების გათვალისწინება.
ლევან კობიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ახალი მწვრთნელის შესახებაც ისაუბრა:
_"- ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ამავე დროს, ის ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება. მიხარია, რომ აღმასკომის წევრებმა ჩემს შეთავაზებას მხარი დაუჭირეს."
_ ვინ იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? გავრცელებული ხმებით, ფოლკერ ფინკესა და შოთა არველაძის კანდიდატურები განიხილება…
– სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ მათგანთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, რადგან ეროვნულ ნაკრებში ცხადაძის დარჩენა მსურდა. იცით, რომ ვთხოვდი კიდეც, დარჩენილიყო…
_ ახალ მწვრთნელს ხელფასი რა სისტემით დაენიშნება?
_ " ფიქსირებული თანხა შედარებით მცირე იქნება, წარმატების შემთხვევაში კი მწვრთნელი ბევრად მეტს აიღებს. მოგებაზე ორიენტირებულ სახელფასო სისტემაზე კახას ტყუილად კი არ ველაპარაკობდით? ფედერაცია ამ სისტემით აპირებს მუშაობას.