ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში მოქალაქეთა მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
ეს ბრძანება, რომელიც 12 მარტს არის გამოცემული, განცხადებების დაფაზე ჯერაც არ გამოუკრავთ. ბრძანების გამოცემიდან დღემდე არ წყდება პრობლემები, რომლებიც მოქალაქეებს ახალი წესების შემოღების შემდეგ შეექმნათ _ სოფლებიდან ჩამოსულ ადამიანებს საათობით უწევთ თანამდებობის პირების ლოდინი და ზოგჯერ უშედეგოდაც.
მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლები იმ ადამიანებს ტელეფონით უთანხმდებიან, რომლებთანაც შეხვედრა მოქალაქეებს სურთ, თანხმობის მიღების შემდეგ კი საშვს წერენ. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეებს თანამდებობის პირები არ იღებენ.
6 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნათიდან 76 წლის მერი ძნელაძე, გამგებლის მოადგილესთან, გია გიორგაძესთან დახმარების სათხოვნელად ჩამოვიდა. გიორგაძემ, იმ მიზეზით, რომ თათბირზე იმყოფებოდა, არ მიიღო.
თუმცა, ამ ქალბატონის წასვლიდან რამდენიმე წუთში, “თათბირზე მყოფმა” გამგებლის მოადგილემ უპრობლემოდ მიიღო სოფელ ნაბეღლავის რწმუნებული გია კალანდაძე.
როგორც გავარკვიეთ, ასეთი შემთხვევები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ძალიან ხშირია. იქედან გამომდინარე, რომ 55-ე ბრძანების თანახმად, ჟურნალისტებსაც საშვები სჭირდებათ და შეთანხმების გარეშე ადმინისტრაციულ დაწესებულებაში ვერ შევდივართ, რთული დასამტკიცებელია, მართლა თათბირზეა თუ არა კონკრეტული პიროვნება იმ დროს, როცა ამ მიზეზით მოქალაქეს არ იღებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იღებს სხვას, მისთვის სასურველ პიროვნებას, ჩნდება ლოგიკური ეჭვი _ ეს ბრძანება საჯარო მოხელეებს იმისთვის სჭირდებათ, რომ ხან თათბირის, ხან ადგილზე არ ყოფნის და სხვა მსგავსი მიზეზებით, მოქალაქეები თავიდან ადვილად მოიცილონ.