ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში, 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნის საღამო გაიმართა. საღამოს სულის ჩამდგმელი სამრევლო სკოლის პედაგოგი და 9 აპრილის უშუალო მონაწილე ნანა მგალობლიშვილი იყო. მკერდზე დაბნეული ტიტებით სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი გმირების უკვდავ სახელებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილი, წმინდა იოაკიმესა და ანას ტაძრის მოძღვარი მამა თომა, მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების თანამშრომლები და 9 აპრილს გმირულად დაღუპული ნატო გიორგაძის დედა ქალბატონი ნუნუ გიორგაძე. საღამომ ემოციურად და დადებითი მუხტის ფონზე ჩაიარა.
ღონისძიების დასასრულს, მისმა ორგანიზატორმა და მოწვეულმა სტუმრებმა გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები.
ნუნუ გიორგაძე, ნატო გიორგაძის დედა: _ ჩემს შვილს სამშობლო ძალიან უყვარდა, მისთვის თავიც გაწირა. სამსახურის შემდეგ ყოველთვის მიდიოდა მიტინგზე. ვუთხარი, ნუ დადიხარ მიტინგზე, დაგხოცავენ,-მეთქი. მიპასუხა, მერე რა თუ მომკლავენ, საქართველოს შევეწირებიო. მან სამუდამო სახელი სახელი მოიხვეჭა, თუმცა, ჩვენი ოჯახი მისმა სიკვდილმა დაასამარა _ ნატოს სიკვდილს შეეწირა მისი ძმაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და სამშობლოს სიყვარულს, უფალმა გიმრავლოთ შვილები.
მამა თომა: _ ისინი მარადისობაში გადავიდნენ. მთავარი არ არის, ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს, მთავარია, როგორ აღესრულება ის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ნანა მგალობლიშვილი: _ შვილმკვდარი დედისთვის ყოველი დღე ჯვარცმაა და წამება. მისი შემსუბუქება მხოლოდ იმ დიდი საქმის გამარჯვებას შეუძლია, რომლისთვისაც ნატო დაიღუპა. ქალბატონო, ნუნუ, თქვენ უკვდავი დედა ხართ, თქვენი შვილი მანამ იცოცხლებს, ვიდრე საქართველო ცოცხალია. არასდროს მინანია იქ დგომა, მხოლოდ მინატრია, მეც იმათ გვერდით მომკვდარიყავი. იმიტომ, რომ ეს არის ლამაზი და შესაშური სიკვდილი.