საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომპანია redman federation inc-ს ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში 1 ლარად თითქმის 9 ჰექტარი მიწა გადასცა.
პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანია redman federation inc-ს სააკაშვილმა 2011 წლის 3 აგვისტოს მისცა.
დოკუმენტში არ არის მითითებული, ვინ არის კომპანიის მესაკუთრე, ან წარმომადგენელი პირი. ამის გაგება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან კომპანია პანამაში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპანია 9 მილიონ დოლარად შეფასებული მიწების ლარად შესყიდვამდე ორი თვით ადრე _ 2011 წლის 3 ივნისსაა დარეგისტრირებული.
პრეზიდენტის განკარგულებით, 9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონების საინვესტიციო ვალდებულების გარეშე 1 ლარად გასხვისებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი ზურაბ კუკულაძე.
კუკულაძის თქმით, ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიების მფლობელების შესახებ ინფორმაცია აფბამ ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.
“ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 90 378 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის
ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 199 კვადრატული მეტრი შენობა ნაგებობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2011 წლის 3 აგვისტოს განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა პანამაში, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას REDMAN FEDERATION INC-ს.
მიღებული პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი კომპანია იღებს გარკვეულ საინვესტიციო ვალდებულებას, რომელიც, როგორც წესი, გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე მიღებული ქონების საბაზრო ღირებულება.
ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ აღნიშნული ქონების სიმბოლურ ფასად მიღების დროს REDMAN FEDERATION INC-ს რაიმე საინვესტიციო ვალდებულება არ აუღია.
აღნიშნული გარიგების შესახებ ორი დოკუმენტია გაფორმებული – პრეზიდენტის განკარგულკება და ნასყიდობის ხელშეკრულება, ორივე დოკუმენტში პრივატიზების ერთადერთ პირობად სიმბოლური თანხის – 1 ლარის გადახდა სახელდება.
აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარია. შესაბამისად, გამოდის, რომ აჭარის სანაპიროზე, პრესტიჟულ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, გაჩუქებულ იქნა,” _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას კუკულაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული გარიგება ეწინააღმდეგება ყველანაირ ეკონომიკურ ლოგიკას:
_ აქ საუბარია არა მხოლოდ დანაკარგზე, რაც სახელმწიფოს შეიძლებოდა აღნიშნული ქონების პრივატიზაციით მიეღო, არამედ აჭარის რეგიონში საინვესტიციო პროცესის შეფერხებაზე – ვინაიდან მყიდველმა ეს ქონება საინვესტიციო პირობის გარეშე მიიღო, მას არ ჰქონია ამ ტერიტორიის განვითარების მოტიცაცია, შესაბამისადმ შავი ზღვის პირას, მაღალი საინვესტიციო პერსპექტივის მქონე აქტივი ეკონომიკური პროცესიდან ამოვარდა.
აღნიშნული გარიგება და ამ გარიგების მოტივაცია არის ძალიან ბუნდოვანი და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას”, _ ამბობს კუკულაძე.
კუკულაძისგან გასხვავებით, “მეგობრულ გარიგებას” უწოდებს 9 ჰექტარი მიწის 1 ლარად გადაცემას ჩვენი წყარო, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისი თქმით, ზემოთ აღნიშნული უცნობი კომპანიის უკან, შესაძლოა, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იდგეს.
წყარო ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა ლუკაშენკოს ზღვისპირეთის მიწები საჩუქრად გადასცა. წყარო არ გამორიცხავს, რომ მიწების ნაწილის მფლობელი მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსიც იყოს, რომელთან დაკავშირება ჩვენ ამ დრომდე ვერ შევძელით.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, redman federation inc-ს საკუთრების რეგისტრაცია 2011 წლის 5 აგვისტოს საჯარო რეესტრში საჯარო მოხელემ მოახდინა _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე თინათინ ჩაჩანიძემ.
ჩაჩანიძე ახლა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსია.
ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან საკითხზე გამოძიებაა დაწყებული:
_ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება მთავარ პროკურატურაში პრივატიზების კანონიერების თაობაზე. მეც ვარ მოწმედ დაკითხული და ჩვენებაზე მაქვს ხელი მოწერილი, რომლის თანახმადაც, ინფორმაცია არ უნდა გავცე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ხვალაც დაბარებული ვარ. ამიტომ, ამ საკითხზე ვერ დაგელაპარაკებით, სამწუხაროდ.
_ ქალბატონო თინათინ საჯარო მოხელე რა შუაში იყო ამ კომპანიასთან? რატომ დაურეგისტრირეთ საკუთრება უცნობ კომპანიას?
_ როგორც გითხარით, მე ვარ მოწმედ დაკითხული ამ საქმეზე და შესაბამისად, არ მაქვს უფლება რაიმე ტიპის კომენტარი გავაკეთო. ამ შემთხვევაში უკვე აღარ წარმოვადგენ უწყებას, არამედ ვარ პიროვნება, რომელიც მოწმედ არის დაკითხული სისხლის სამართლის საქმეზე, _ გვითხრა ჩაჩანიძემ, რომლის ინფორმაციით, ამ საკითხზე გამოძიება 2013 წლიდან მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: სააკაშვილის მიერ 1 ლარად გაყიდული მიწები უცნობ კომპანიას საჯარო მოხელემ დაურეგისტრირა _ ექსკლუზივი; მოჭრა შეიძლება, გადარგვა არა _ რეპორტაჟი ციხისძირიდან, სადაც ტყეები გაჩეხილია







































































