ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა. ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Ryanair-ის კომერციულ დირექტორ დეივიდ ობრაიანთან გამართა.
მთავრობის ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ზრდა განაპირობა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადების მატებამ და შექმნილმა ბიზნესგარემომ.
დეივიდ ობრაიანის განცხადებით, ავიაკომპანიის სამუშაო ჯგუფი გაეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერირების შესაძლებლობებს. მას იმედი აქვს რომ საქართველოს მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებები დადებითად გადაწყდება.
"დღეს პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ნაყოფიერი და იმედის მომცემი შეხვედრა. მე ვარ ირლანდიიდან სრულიად სხვა კუთხეში, რაც ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე ევროპის ამ ერთ კუთხეს სხვა კუთხესთან დავაკავშირებთ," – აღნიშნა ავიაკომპანია "Ryanair"-ის კომერციულმა დირექტორმა დეივიდ ობრაიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


































































