პარლამენტი იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.
"კანონპროექტის მომზადება იმ პრაქტიკულმა საჭიროებამ განაპირობა, რომელიც არსებობს სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის საკითხებთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევა, როდესაც სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანა არსებული რეგულაციების გვერდის ავლით ხორციელდება, რაც ტრეფიკინგისა და ადამიანით ვაჭრობის რეალურ საფრთხეს ქმნის. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია კანონში გაიწეროს დებულებები, რომლებიც ხელს შეუშლის სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან შემოვლითი გზებით გაყვანის მცდელობას, ამავდროულად, ზიანს არ მიაყენებს მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს", – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ნაწილში.