რამდენიმე წუთის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ოფისთან „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტმა, რომლებიც ძირითადად ა(ა)იპ- "ტექ-სერვისის" თანამშრომლები არიან, ნაგვის ურნა მიაგორეს და ზედ ასასვლელ კიბესთან წააქციეს. როგორც გაირკვა, მათი წყრომა გამოიწვია ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის ფასადზე სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" გაკრულმა სარეკლამო ბანერმა. საქმე ისაა, რომ ეს საკმაოდ დიდი ზომის ბანერი, ზედ "ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის ოფისის თავზეა გაკრული.
"მოიწყვეს მამა-შვილმა საქმე, ერთი ნაციონალურ მოძრაობას ხელმძღვანელობს, მეორე კი სახელმწიფო პროგრამას, როგორ მისცემს ხალხი ხმას „ქართულ ოცნებას?! "– აღშფოთებას ვერ მალავდა იქ მყოფი ნუგზარ ცინცაძე, იგივე "ცანცუა".
ცნობისთვის, ცინცაძე ამ შემთხვევაში ექს-გამგებელს გია გოგუაძესა და მის შვილს დავით გოგუაძეს გულისხმობდა, რომელიც ხსენებული პროგრამის ხელმძღვანელია გურიაში.