გასული წლის 10 ოქტომბერს ლანჩხუთის "გურიამ" საკუთარ მოედანზე "ზუგდიდს" 2:0 მოუგო. მას შემდეგ გამარჯვებით გამოხატული სიხარული ლანჩხუთელ ქომაგს არ შეუგრძნია. ბევრი ელოდა ახლა მაინც გატყდებოდა ნავსი, მითუმეტეს "ლოკომოტივთან" შეხვედრის 63- ე წუთის მერე, როცა მსაჯმა პირველ ტაიმში გაძევებულ სტუმარ ქიქავას, ფოფხაძეც მიაყოლა და "გურიას" ორი ფეხბურთელის უპირატესობა დაუტოვა.
კი მაგრამ რად გინდა, იმდენად უხეიროდ და უშინაარსოდ უტევდა დემიდოვის თერთმეტეული, მეტი რომ არ იქნება. გასაოცარია პირდაპირ, ეს გუნდი სტუმრად როგორ აღწევს შედეგს. ეს კითხვა ბევრს გაუჩნდა და განსაკუთრებით, ამ თავსხმა წვიმაში სტადიონზე მისულ ერთგულ გულშემატკივრებსაც.
ახლა წავა გუნდის მესვეურთა თავის მართლება, მძიმე გრუნტიო, ქარის ფაქტორიო, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ცხრაკაცა სტუმარ გუნდსაც აწუხებდა და მაინც მოახერხა სასურველი ქულის მოპოვება. ქომაგებს რაც შეეხება, წინა საშინაო მატჩის შემდგომ ბევრი გულგატეხილი იყო, მაგრამ თერჯოლაში მოგებამ ისინი მაინც დააბრუნა სტადიონზე, თან ასეთ ამინდში. თუ "შუქურასთან" მატჩის მერე პროტესტი ჩუმი იყო, დღეს ხმაური და გინების კორიანტელი არ დაკლებია ისევ ნულოვან ფრეს და რაც მთავარია, ფეხბურთელთა უშინაარსო თამაშს. უფრო მეტიც, გულშემატკივრებმა სტუმრები ოვაციებით გააცილეს და საქებარი სიტყვები არ დაიშურეს თავდადებული გარჯისთვის, ხოლო საკუთარ გუნდს შეურაცმყოფელი შეძახილები არ მოაკლეს.
თავად შეხვედრა, თითქოს სტუმრებმა უფრო დალაგებულად დაიწყეს, მაგრამ "გურია" თანდათან გონს მოდიოდა და რამდენიმე ხიფათიც შექმნა სტუმართა კართან. შესვენებამდე გამორჩეული იყო ალავერდაშვილი, რომელმაც სამჯერ მოიწადინა გატანა, აქედან ორჯერ შორეული დარტყმებით, ერთხელ კი ახლოდან , მაგრამ სტუმართა მეკარეს ძვრა ვერ უქნა.
ამასობაში მსაჯმა გინებისთვის ქიქავა გააძევა, მაგრამ შესვენებაზე კაცნაკლული რკინიგზელები მედგრად დადგნენ.
ბევრი ელოდა ფიზიკური კონდიციებით მასპინძლები მეტოქეს მეორე ტაიმში დაჯაბნიდნენ, მეორე გაძევების შემდეგ მითუმეტეს, მაგრამ ყრუ დაცვაში ჩამჯდარი გუნდის გატეხვა "გურიას" ფეხბურთელებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ბუნებრივია თბილისელთა კართან ბევრი იერიში განხორციელდა, მაგრამ იმდენად სწორხაზოვანი და უკბილო იყო ეს მცდელობები, შედეგი არ მოყოლია. აქ გამოჩნდა დემიდოვის სამწვრთნელო ხარვეზები,რომელმაც ვერაფრით ვერ მოახერხა გუნდის ტაქტიკურად გადაწყობა.
საგულისხმოა, რომ უაზრო ჩაწოდებებისა და არაზუსტი გადაცემების გამო, ბევრი ვერაფერი შექმნეს მასპინძლებმა. ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ გოლი აუცილებლად უნდა გასულიყო, როცა ნუნიესი მეკარესთან ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა, მაგრამ ძლიერი დარტყმული ბურთი მეკარეს დაუმიზნა.
მოკლედ კიდევ ერთი იმედგაცრუება იხილა ლანჩხუთელმა გულშემატკივარმა, მართალია წაგების გემო მეორე წრეში ჯერ არ უგრძნია გუნდს, მაგრამ ვერც მოგებით იგებს. შინ კი ჯერ გოლიც ვერ გაუტანია და ზედიზედ მეორე უგოლო ფრით, "ბუბლიკებს"( 0:0) შეგვაჩვია.
საგულისხმოა ისიც, რომ "გურიამ""ლოკომოტივს"პირველად დაათმობინა ქულა, აქამდე ხუთიდან ხუთივე შეხვედრა ეროვნულ ჩემპიონატებში წაგებული ქონდა.
სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა, დღევანდელ მეტოქეებს 16-16 ქულა დაუგროვდათ, მათმა კონკურენტებმა კი კვლავ წააგეს, "ზუგდიდი" საჩხერეში განადგურდა(0:4), ხოლო "საპოვნელა" ბოლნისში(1:4). რაც შეეხება კარგად ათამაშებულ მარტვილის "მერანს", მას ურთულესი შეხვედრა აქვს სტუმრად "დინამოსთან". ეს მატჩი მოგვიანებით გაიმართება.
ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
შუქურა – კოლხეთი 1:0;
ტორპედო – ბათუმი 1:0;
ცხინვალი – დილა 0:0.
"სამტრედია" – "საბურთალოს" მატჩი ხვალ გაიმართება.
"გურიამ" შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი( კილაძე 76), ბენეტი, ნუნიესი, ზაზულია, კვეკვესკირი, გამყრელიძე (შტანდერი 82), მოროზენკო, ალავერდაშვილი, ჟუნიორი ( კახელიშვილი 79).
მორიგი ტური 13 მარტს გაიმართება და "გურია" სტუმრად თბილისის "საბურთალოს“ დაუპირისპიდება.