რამდენიმე დღის წინ, “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერიას ოფიციალურად მიმართა 26-27 მაისს თბილისის ბორის პაიჭაძის ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აქციის ჩატარების ნებართვის შესახებ.
გაცხადებულმა ორმა თარიღმა საზოგადოება დააბნია _ კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საზოგადოებისთვის განმარტება გააკეთა: “გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, რომელიც იტევს 70 ათასს მაყურებელს. რადგან არ ვიცით, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ სტადიონის მიღება აქციის ჩასატარებლად, ჩვენი შეთავაზებაა, რომ 27 მაისიც იქნას განხილული, როგორც სტადიონის დაქირავების მეორე საშუალება. თუ აღნიშნულ დღეს არ მოხერხდება პაიჭაძის სახელობის სატადიონის დაკავება, ჩვენ გვაქვს მეორე ალტერნატივა _ ეს არის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, რომელიც მოცულობით უფრო პატარაა. თუ სხვა გზა არ იქნება, მაშინ ეს აქცია გაიმართება იქ. ჩვენ ვიპოვით გზებს დავაკმაყოფილოთ ყველა იმ ადამიანის სურვილი, რომელიც შეუერთდება ჩვენს აქციას.
ეს იქნება ჩვენი საარჩევნო კამპანიის დასაწყისი, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და საინტერესო. სწორედ ეს დიდი შეკრება სტადიონზე არის საარჩევნო კამპანიის დასაწყისი.”
“გურია ნიუსის” კითხვაზე, დასახელებული ორი სტადიონიდან თუ ვერც ერთზე ვერ მიიღებთ ნებართვას აქციის ჩატარებაზე, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი? მაია ფანჯიკიძემ განაცხადა:
“იმიტომ მივმართეთ ორი თარიღით სხვადახვა სტადიონზე ნებართვის გაცემაზე, რომ გვინდოდა გვეჩვენებინა, მაინცდამაინც 26 მაისს არ ვითხოვთ. შესაძლებელია, იქ იყოს სხვა რამე დაგეგმილი. თუმცა, ამას ყველანი ერთად დავინახავთ. მე იმედი მაქვს, რომ ორივე სტადიონის ხელმძღვანელობა დადებითად გამოეხმაურება ჩვენს განაცხადს და დადებით პასუხს მივიღებთ. თუ მოხდა სასწაული და ვერც ერთი სტადიონი ვერც ერთ დღეს ვერ მივიღეთ, ამის ალტერნატიული გზა იქნება _ ჩვენ გვაქვს სხვა იდეები. ამ იდეებზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. შემდეგ ბრიფინგზე შემეძლება ზუსტად გითხრათ, როდის, რომელ საათზე და სად ჩატარდება ჩვენი აქცია”.